რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, ზაპოროჟიეში სამი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქ ზაპოროჟიეში სამი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, დანგრეულია კერძო კლინიკა, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
როგორც ფედოროვი ამბობს, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.
შემთხვევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
„ამჟამად ზაპორიჟიეში რუსეთის სასტიკი სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. თითოეული ეს დარტყმა დასტურია, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. სამყაროს აქვს საკმარისი სისტემები ამის გასაკეთებლად. საქმე მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული: აშშ-ის ადმინისტრაციის, ევროპელი ლიდერებისა და სხვა პარტნიორების გადაწყვეტილებებზე. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ ათასობით ადამიანის გადარჩენა“, – წერს ზელენსკი.