თეგებით ძიება

"თუ ამ წესებს ზუსტად შეასრულებთ, წონის დაკლება გარანტირებული გაქვთ" - მანანა მგალობლიშვილი სწორი კვების მარტივ სქემაზე

ექიმი-რეპროდუქტოლოგიმანანამგალობლიშვილისოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საუბრობს სწორი კვების მარტივ სქემაზე, რომელიც ჭარბი წონის შემთხვევაში, დაკლებაში დაგეხმარებათ. ხოლო, თუ ნორმალური წონა გაქვთ, ამ წონას შეინარჩუნებთ:

- სწორი კვების ძალიან მარტივ სქემასა და ფორმულას წარმოგიდგენთ. თუ მას ზუსტად შეასრულებთ, ჭარბი წონის შემთხვევაში, წონის დაკლება გარანტირებული გაქვთ. ხოლო, თუ ნორმალური წონა გაქვთ, თქვენ მას შეინარჩუნებთ.

დღეში 4-ჯერ უნდა იკვებოთ. შეიძლება, ხუთჯერაც. კვებებს შორის ინტერვალი 3-4 საათი უნდა იყოს. არც მეტი, არც ნაკლები. საუზმის შემდეგ 3-4 საათში შეგიძლიათ, წაიხემსოთ.

პირველი კვების დროს შეგიძლიათ, მიირთვათ ის, რაც გინდათ. არ შეიძლება, ყოველთვის მკაცრი ჩარჩოები არსებობდეს. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, პირველი კვების დროს ჭამეთ, რაც გინდათ, გიყვართ და გესიამოვნებათ.

3-4 საათში წახემსების დროა. ეს ყველაზე კარგი დროა იმისათვის, რომ ხილი ჭამოთ. ხილთან ერთად, შეგიძლიათ, ხაჭო, მაწონი, კეფირი მიირთვათ. ასევე, თხილი, ცოტა შოკოლადი. შეგიძლიათ, ყავაც დალიოთ.

3-4 საათში სადილის დროა. სადილი ძალიან მნიშვნელოვანია. რომც არ გვშიოდეს, მაინც უნდა ვჭამოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სადილი გემრიელი იყოს. ისეთი, როგორიც თქვენ გესიამოვნებათ. ის 3 ძირითადი კომპონენტისაგან უნდა შედგებოდეს. მათი რაოდენობრივი შეფარდება ასეთი უნდა იყოს - შეგიძლიათ, ერთი დიდი თეფში აიღოთ. გავყოთ შუაზე. დიდი წილი ბოსტნეული უნდა იყოს. ნებისმიერი ბოსტნეული შეგიძლიათ, გამოიყენოთ. იქნება ეს პომიდორი, კიტრი, ბულგარული, მწვანილები, სალათის ფურცლები... რაც მოგესურვებათ. შეიძლება, იყოს შეზავებული ზეთით, ძმრით, სოიოს სოუსით და ასე შემდეგ, მარილითა და წიწაკით. ზოგჯერ მოდიან პაციენტები და მეუბნებიან, რომ უმარილო, უწიწაკო, მხოლოდ მოხარშულ საკვებს ვჭამთო. არავის ვეუბნები, რომ მაინცდამაინც მოხარშული და უმარილო საკვები მიირთვან. თეფშის 1/4 ცილა უნდა იყოს. შეგიძლიათ, მიირთვათ თევზი, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ინდაური, ქათამი, კვერცხი თუ სხვა. შემდეგი 1/4 ნახშირწყლები უნდა იყოს. შესაძლოა, მივირთვათ პური, წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი და ასე შემდეგ. სადილი უნდა იყოს გემრიელი და უნდა შედგებოდეს ისეთი ინგრედიენტებისაგან, როგორც თქვენ მოგეწონებათ.

მეოთხე კვების დროს შეგიძლიათ, 1 ჭიქა კეფირს შეურიოთ 3 ჩაის კოვზი ჩია. ეს, დაახლოებით, 2-3 საათით ადრე უნდა გააკეთოთ ან დილას მოამზადოთ და საღამოს მიირთვათ. ეს ბოლო კვებაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კვებები დროის თვალსაზრისით დღის განმავლობაში სწორად იყოს გადანაწილებული. ისე უნდა დაალაგოთ, რომ ბოლო კვება მაქსიმუმ 8 საათზე გამოვიდეს. უფრო გვიან არა. თუ 8 საათზე კეფირსა და ჩიას მიირთმევთ, 3-4 საათით ადრე სადილი უნდა იყოს და ასე თანმიმდევრობით.

კვებებს შორის არაფერი არ უნდა მიირთვათ, წყლის გარდა. შეგიძლიათ ყავაც, ჩაიც, ოღონდ უშაქროდ. არანაირი სასუსნავი.

დამერწმუნეთ, თუ ასე გააკეთებთ და ჭარბი წონა გაქვთ, წონაში აუცილებლად დაიკლებთ. წონის კლებას სულ რაღაც 4-5 დღეში იგრძნობთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა