მოსალოდნელია ნალექი, შტორმი, თოვლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).