"რომ დაინახა მატარებელი მოდიოდა, მაშინ ჰკრა ხელი და ჩააგდო" - რას ჰყვებიან ტრაგედიის თვითმხილველები? (ვიდეო)
ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
მეტროში მოკლული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია.
"საშინელი ამბავი მოხდა, ლაშა 30 წლის იყო, უცოლო, როგორც ვიცი არ მუშაობდა... მამა მუსიკოსია, სოსო ამირეზაშვილი. სხვა ვერაფერს გეტყვით" - გვიყვება მოკლულის ახლობელი.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, უცნობმა პირი, რომელმაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემდეგ იცინოდა. მან ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მეტროს თანამშრომელმა ქალმა და ერთ-ერთმა მგზავრმა ამის საშუალება არ მისცეს.
"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, მემანქანე ფიზიკურად ვერაფერს იზამდა. ეტყობა, რომ დაინახა მატარებელი მოდიოდა, მაშინ ჰკრა ხელი და ჩააგდო მამაკაცი, რომელიც ამბობენ, რომ იქნება 40 წლამდე. დამნაშავე იქვე დაუკავებიათ, არ ვიცი, იცნობდა თუ არა გარდაცვლილს დამნაშავე. ძალიან განვიცდით ამ ფაქტს. როგორც მითხრეს, მემანქანე საშინლად განიცდის. ფიზიკურად დამუხრუჭებას ვერ შეძლებდაო ამბობენ, ამ მემანქანეს ეს სტრესი უნდოდა ახლა, მასაც თავს გადახდა ტრაგედია. შვილი ჰყავს გარდაცვლილი - მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ავარიით დაეღუპა. ამხელა ტრაგედია გადახდა თავს და ახლა ამ საშინელი ფაქტის თვითმხილველია. ყველა ამბობს, ვერაფერს იზამდა, ისე ახლოს იყო უკვე მატარებელი. სხვა არაფერი ვიცი. იმედია დაისჯება დამნაშავე" - ჰყვება თვითმხილველი.