საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია, მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს
თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტს თბილისის განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
„თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს. მსგავსი პროექტი ბოლოს 2016 წელს განხორციელდა, რის შედეგადაც მოხდა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა, კონკრეტული გეგმის დადება და ეტაპობრივად მისი განხორციელება. პროექტს, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, თბილისის განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მასში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტები არიან ჩართული. ჩატარდება გამოკითხვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება გადაადგილების ჩვევების ანალიზში, მობილობის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ აუცილებლად მიიღონ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა, რაც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მარშრუტებს, ვუყურებთ, სად არის გამოწვევები, თუმცა, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტისთვის და სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტი იწყება თქვენი მონაწილეობით. ამიტომ გთხოვთ, მიიღოთ კვლევაში მონაწილეობა, რათა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, ვიცოდეთ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში და ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს. ქალაქი იზრდება, ემატება ახალი უბნები, ქუჩები, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.