ივანიშვილთან საუბრისას მაკრონმა დაგმო დემონსტრანტებისა და ჟურნალისტებისადმი ძალადობა - ელისეის სასახლე
ელისეის სასახლე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ელისეის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.
„მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა იმ პირის გათავისუფლებისკენ, რომლებიც თვითნებურად დააპატიმრეს, ასევე – გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.
მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტარაექტორიას და გაიმეორა ისიც, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებელად აისახება ის მიმართულებები, რომელიც უკვე იყო არჩეული ან იქნება არჩეული.
მაკრონი გამოვიდა ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საქართველოს ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფების გათვალისწინებით, რომელსაც მაკრონი კიდევ ერთხელ მიესალმა“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.