ყველას იმედი გვაქვს, რომ ვიქტორ ორბანი მოსკოვში ასადს არ დაურეკავს - ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ვიქტორ ორბანი მოსკოვში ასადს არ დაურეკავს, – ამგვარად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
ზელენსკის თქმით, სრულიად ნათელია, რომ რეალური მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად, საჭიროა ამერიკის მონდომება, ევროპული ერთიანობა და ყველა პარტნიორის განწყობა გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესრულებაში.
„არ არის საჭირო ერთიანობის ხარჯზე საკუთარ იმიჯზე თამაში – საერთო წარმატებაზე უნდა იზრუნო. ევროპაში ერთიანობას ყოველთვის მოაქვს წარმატება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბარი უკრაინის გარეშე არ შეიძლება. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპის მრავალი ლიდერის, რომლებთანაც ჩვენ უკვე ერთად ვმუშაობთ რეალური მშვიდობისთვის, სწორი და ძლიერი გადაწყვეტილებების მოსაძებნად“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.