"ბრალდებულს უთქვამს, ცუდად შემომხედა და ამიტომ ვკარი ხელიო.... თითოეული ჩვენგანი შეიძლება გავმხდარიყავით მისი მსხვერპლი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
10 დეკემბერს თბილისში დატრიალებულმა უმძიმესმა შემთხვევამ მთელი ქვეყანა მოიცვა. მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარ შემზარავ ფაქტს სამართალდამცველები ამ დრომდე იძიებენ. 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის სასტიკ მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს.
ლაშა მეტროში მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად, ხალხის თვალწინ, მას მამაკაცმა ზურგიდან ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო. უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ძნელია, ამ კადრებს ემოციების გარეშე უყურო.კადრებშიც ჩანს, რომ მაშინვე ატყდა ჩოჩქოლი, მემანქანემაც სცადა დამუხრუჭება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო და ბიჭი უამრავი ხალხის თვალწინ, ადგილზე დაიღუპა.
ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდორაშვილია დაკავებული. მოკლული ბიჭის ახლობლები გვიყვებიან, რომ მინდორაშვილი წარსულში ნასამართლევია, ის კახეთიდან არის. ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.
"ლაშა და მკვლელობაში ბრალდებული საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. ბრალდებულს ჩვენებაში უთქვამს, ცუდად შემომხედა და ამიტომ ვკარი ხელიო. გამოდის, რომ თითოეული ჩვენგანი შეიძლება გავმხდარიყავით მისი მსხვერპლი. ლაშა მშენებლობაზე მუშაობდა, თბილისში ამიტომ ჩამოვიდა, ისე სოფელში ცხოვრობდა. მეტროში ჩავიდა, რადგან მაგ დღეს სოფელში ბრუნდებოდა" - ამბობს მოკლული ახალგაზრდას ახლობელი.