თეგებით ძიება

შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შს მინისტრი დაადგენს

შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

ნებისმიერი სხვა პირისთვის აქციების დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აკრძალული იქნება.

ამ შინაარსით გადამუშავდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, შეკრება-მანიფესტაციების დროს დემონსტრანტებისთვის მხოლოდ პიროტექნიკის ქონა იკრძალებოდა და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიც არის: - ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატა.

განხილვის პროცესში კანონპროექტი შეიცვალა. აქციის მონაწილეებს პიროტექნიკური ნაწარმის გარდა, ასევე ეკრძალებათ იქონიონ ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, „რომლის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას“.

ასევე, იკრძალება სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.

კანონპროექტის თანახმად, მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვა შეეძლება, აგრეთვე ამ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მას დღესვე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა