გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, ეს არ არის ჩემი ხელწერა - ირაკლი ღარიბაშვილი
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „კურიერმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა.
ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მან მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა.
„მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები - თითქოს ამ ფონზე დავტოვე პარტია - ეს არის აბსურდი, მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.