ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შემდგარმა საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ასეთ კომუნიკაციას მით უფრო, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მაკრონის შეხვედრის შემდეგ არ ელოდა.
„გუშინდელმა საუბარმა არათუ მათი ნაძალადევი სიხარული გამოიწვია, არამედ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია იმიტომ, რომ ისინი ასეთ კომუნიკაციას არ ელოდნენ. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ტრამპისა და მაკრონის შეხვედრა შედგა. ამ ფონზე ისინი ასეთ ზარს არ ელოდნენ. ჩვენ რაღაც გადაჭარბებული წარმოდგენები კი არ გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, უბრალოდ ვამბობთ, რომ მინიმუმ 3 საკითხში ვემთხვევით ერთმანეთს. ტრამპიც ამბობს, რომ უნდა დამთავრდეს ომი უკრაინაში. საქართველოს ეს სუბიექტურად აწყობს იმიტომ, რომ მეორე ფრონტში ჩართვის ინტერესი ქრება. და ასევე, კიდევ ორი საკითხია, რაც პრინციპულ საკითხებად ავიღეთ, „გამჭვირვალობის კანონი“, „ოჯახური ღირებულებების კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ტრამპის და მისი ახალი ადმინისტრაციის, გარემოცვის პოზიციები ემთხვევა ჩვენსას. მინიმუმ სამ მთავარ საკითხში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. გუშინდელმა ზარმა ოპოზიცია რეალურად ჩამოშალა. შეიხედეთ სოციალურ ქსელებში, თავის მართლების პოზიციიდან გამოდიან, „დატუქსა“ და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. დიახ, საუბარი, შეეხებოდა მათ შორის პატიმრების გათავისუფლებას.
[ოპოზიცია] პირველ წუთებში არის ხოლმე არეული იმიტომ, რომ პოზიცია არ გააჩნიათ, მერე დაურეკავენ ხოლმე თავის პატრონებს და ისინი რასაც იტყვიან, ისე იქცევიან. ამიტომ იყო რომ გუშინ მზადყოფნა გამოთქვეს, დღეს ყველა დალაგდა და მწყობრად, საერთო „მესიჯბოქსს“ იმეორებენ. იმავეს გაიმეორებს ახლა სალომე ზურაბიშვილი. რაღაც ინფორმაციებიც არსებობს, მოწოდებებს აპირებს. სიგიჟეებს გააგრძელებს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე საქართველოში სალომე ზურაბიშვილი უფრო გავა მომსახურების არეალიდან, უფრო მეტ სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებს და განცხადებას გააკეთებს, ვიდრე აქამდე გაუკეთებია. ამაზეც გვაქვს ინფორმაციები და შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.