პოლონეთი უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნას არ აპირებს - დონალდ ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნას არ აპირებს. ტუსკმა აღნიშნული განცხადება ვარშავაში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ნებისმიერ ქმედებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვარშავაში მიიღებენ და არსად სხვაგან.
თავის მხრივ, საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ გრძელვადიან მშვიდობაზე მოლაპარაკებები თავად უკრაინამ უნდა გამართოს და ამ მოლაპარაკებების შედეგად კიევმა უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები. მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობა მოლაპარაკებებში უკრაინელების მონაწილეობის გარეშე ვერ დაისადგურებს.
„ჩვენ ვერ გავმართავთ დისკუსიებს დათმობებზე. ვერ ვიმსჯელებთ უკრაინელების სახელით იმ პუნქტებზე, რომლებიც მაგიდაზე უნდა იდოს, ეს მათი გასაკეთებელია“, – განაცხადა მაკრონმა.