„საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია“ - რუსთავში დადგმული ქანდაკება აიღეს
რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე დადგმული ქანდაკება, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა, აიღეს. რუსთავის მერმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსთაველების აზრი გაითვალისწინეს:
მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ, - წერს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, სოციალურ ქსელში.
რუსთავის მერი ეხმიანება ქალაქში დადგმულ ქანდაკებასთან დაკავშირებით რუსთაველების ნეგატიურ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ აქამდე კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოს ნეგატივი არ გამოუწვევია, თუმცა, მერია ითვალისწინებს საზოგადოების ნეგატიურ შეფასებებს და ქანდაკებას აიღებენ.
„მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ. ნეგატიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ. არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი." - წერს ნინო ლაცაბიძე.
ქანდაკება სახელწოდებით "პორტალი/სამოთხის კარიბჭე", რომელიც რუსთავის მერიამ გუშინ თოდრიას წრეზე დადგა, ჩინელი სკულპტორის, ჩაო ლეის ავტორობითაა შესრულებული.
"სამოთხის კარიბჭე" ჩინელმა სკულპტორმა რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნა. ჩაო ლეი პეკინის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორია და მას 50-ზე მეტ საერთაშორისო სიმპოზიუმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის არის რამდენიმე საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციის წევრი.