სინამდვილეში, არის ერთი დაწერილი სცენარი, რომელსაც ჰქვია "მაიდანის სცენარი“, რომლის განხორციელებაც სცადეს ჩვენთან და ჩაუვარდათ - შალვა პაპუაშვილი
სინამდვილეში, არის ერთი დაწერილი სცენარი, რომელსაც ჰქვია „მაიდანის სცენარი“, რომლის განხორციელებაც სცადეს ჩვენთან და ჩაუვარდათ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავად იხილა წინასაარჩევნო პროცესებში გარედან ჩარევები, უცხოური ფულით დაფინანსებული აქცია, ამ ყველაფერს უთხრა უარი და თქვა, რომ საქართველო გარედან არ იმართება.
"სინამდვილეში, არის ერთი დაწერილი სცენარი, რომელსაც ჰქვია „მაიდანის სცენარი“, რომლის განხორციელებაც სცადეს ჩვენთან და ჩაუვარდათ. ეს სცენარი ვნახეთ პირდაპირ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში. პირდაპირ ეწერა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების და მისი საერთაშორისო აღიარების შემთხვევაშიც კი იქნება დემონსტრაციები და ამას უნდა დაუჭიროს მხარი სხვადასხვა აქტორმა. მერე ვნახეთ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პარლამენტარები ჩამოსული, მათ შორის, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს მაიდნისკენ. რამდენიმე დღეში დაიწყეს ამ სცენარის განხორციელება პირდაპირი ანალოგიით. კუბოების მიტანითაც, ნაძვის ხეების დეკორირებითაც და ცეცხლის გახსნითაც. დააკლდათ ბოლო ეტაპი, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გაეხსნათ ცეცხლი, თორემ თავისი ვიზუალითა და ეფექტით მაშხალებიდან გახსნილი ცეცხლი ზუსტად იგივე იყო, რასაც ჩვენ მაიდანზე ვხედავდით, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყველაფერი ჩვენს თვალწინ მიდის. თვითონ ვნახეთ, როგორ ხდებოდა ჩარევა გარედან ჩვენს წინასაარჩევნო პროცესებში. ვნახეთ 20 ოქტომბრის აქცია, რომელიც სრულად დაფინანსებული იყო უცხოური ფულით NGO-ების მხრიდან. ქართველმა ხალხმა ყველაფერს უყურა, უთხრა ამ ყველაფერს უარი და თქვა, რომ საქართველო გარედან არ იმართება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.