მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. მიზეზი რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის საშიშროება და ამით გამოწვეული ენერგოკრიზისია. გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვაში ენერგეტიკული კოლაფსის საფრთხე უკრაინის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, კიევი აღარ აპირებს „გაზპრომს“ სატრანზიტო კონტრაქტი გაუგრძელოს.
მოლდოვა რუსული გაზის შეწყვეტას 2025 წლის 1 იანვრიდან ელოდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანის აცხადებს, რომ უკრაინის გავლით ტრანზიტის აკრძალვის საკითხი ხელოვნური პრობლემაა, რადგან გაზის ტრანსპორტირება სხვა მარშრუტების საშუალებითაც შესაძლებელია. „გაზპრომი"" ალტერნატიული მარშრუტებზე უარს ამბობს, და მოლდოვას კონტრაქტს მანამ არ გაუგრძელებს, ვიდრე ქვეყანა 709 მილიონი დოლარის წარმოდგენილ ვალდებულებას არ გადაიხდის. პრემიერის მოწოდების საპასუხოდ კიშინოვში პარლამენტის სხდომა გაიმართა, კანონმდებლებმა მოსალოდნელი ენერგოკრიზისის შესახებ იმსჯელეს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 101 დეპუტატიდან მხარი 56-მა დაუჭირა.
ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვით მოლდოვის ზოგიერთმა მოქალაქემ ენერგორესურსების ტარიფების მატების შემდეგ სახელმწიფოსგან შესაბამისი კომპენსაცია არ მიიღო, ზოგიერთ მოქალაქეს მხოლოდ სიმბოლური დახმარება ჩაურიცხეს.
საკითხზე სასაუბროდ ოპოზიცია პარლამენტში შრომისა და ჯანდაცვის მინისტრის დაბარებას ითხოვდა, თუმცა მმართველმა პარტიამ ოპოზიციის მოთხოვნა დაბლოკა, რასაც სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციის დემარში მოჰყვა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ხედავს ქვეყნის ექს-პრეზიდენტი იგორ დოდონი. აცხადებს, რომ კრიზისის არიდებისთვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა შეხვდეს და უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის ნებართვა სთხოვოს.
ექსპრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მოლდოვა რუსეთიდან ბუნებრივ აირს სანქციების პირობებში ისედაც ყიდულობდა, მისი განცხადებით ენერგორესურსის მიწოდება ევროპის ქვეყნებიდან ხდებოდა. მოლდოვა რუსეთიდან წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს. ნოემბრის ბოლოს მოლდოვის ენერგეტიკის გადაყენებული მინისტრი ვიქტორ პარლიკოვმა რუსეთში "გაზპრომის“ ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან მოლაპარაკებები გამართა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა. რასაც პარლიკოვი თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.