თეგებით ძიება

რაც შეეხება მცდელობას, ჩაიშალოს დღესასწაული, ნუ წვალობთ, მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად - კახა კალაძე

ხვალ აინთება მთავარი ნაძვის ხე და დაიწყება საზეიმო დღეები დედაქალაქში, ვპირდებით თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას და დაუვიწყარ წუთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ბავშვებს წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვს საახალწლოდ მორთულ ქუჩებს, ლამაზ ნაძვის ხეს, გართობას და ზეიმს.

„ხვალ, საღამოს 19:00 საათზე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ყველამ ვიცით, რომ გვიახლოვდება საახალწლო დღეები და თბილისი კვლავაც აუცილებლად იქნება გამორჩეული სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი.

არავის აქვს უფლება, ბავშვებს წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვს საახალწლოდ მორთულ ქუჩებს, ლამაზ ნაძვის ხეს, გართობას და ზეიმს.

ხვალ აინთება მთავარი ნაძვის ხე და დაიწყება საზეიმო დღეები დედაქალაქში. ვპირდებით თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას და დაუვიწყარ წუთებს.

რაც შეეხება მცდელობას, ჩაიშალოს დღესასწაული, არ მისცენ პატარებს გართობის შესაძლებლობა, აუკრძალონ მცირე მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვა, მუსიკოსებს – კონცერტების გამართვა და საერთოდაც გააუქმონ ახალი წელი, მინდა, ვუთხრა მათ: ნუ წვალობთ, მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი აქვე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „რაღაც უაზრო პროვოკაციაა, რასაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, შვიდ საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად“.

„დღეს საღამოს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია“ და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ. რა პროვოკაციაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ თავად უკეთ იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, მე ამაზე სხვა დროს არ მისაუბრია; ბოდიში, რომ სწორედ „ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა იქ, სადაც იმყოფება ეს ქალი, რომელიც, სამწუხაროდ, ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს. მადლობა ღმერთს, 2025 წლის დადგომას ახალი პრეზიდენტი მიულოცავს საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ხვალ მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.

„რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ხვალ იქნება სადღესასწაულო განწყობა, იქნება ზეიმი, იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მიმართა, ერთად აანთონ ხვალ რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე.

„ხვალ, 19:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, მობრძანდით შვილებით, შვილიშვილებით, ერთად ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე, ერთად შევქმნათ სადღესასწაულო განწყობა და ერთად ჩავიფიქროთ კეთილი სურვილები“, – განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა