„საქართველოში ბავშვებს არ აგაფარებინებენ. ჩვენ უბრალოდ ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილები და ეს დამტკიცდა გუშინაც“ - ჩერგოლეიშვილი
ჩვენ ყველას - ფედერალისტებს, ქოცებს, ნაცებს... ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილები - პარტია ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
2020 წელს, სამეგრელოში გიგას კამპანიის გასაკეთებლად რომ ჩავედი, ორ დღეში მივხვდი, რომ პარტიულ/პოლიტიკური სისტემა წყობიდან მთლიანად გამოსულია და სიბნელეში ხელების ცეცება მოგვიწევს, რომ ამომრჩეველზე გავიდეთ.
(არ არსებობდა არც პარტიის ამომრჩეველთა ბაზა, არ ჰქონდა პარტიას იმ ხალხის მონაცემები, ვინც წინა არჩევნებში ხმა მისცა).
ორ თუ სამ შეხვედრას დავესწარი, სადაც დავინახე რომ დიდწილად ერთი და იგივე ხალხი დგას - პარტია დაატარებს აქტივს, იქვე სამი ოთხი მეზობელიც გამოდის წამლად. სამაგიეროდ, დარბის ძალიან ბევრი ბავშვი.
სანამ გიგა რთული ქვეწყობილი წინადადებებით დაბალი გადასახადების სიკეთეზე მსჯელობდა, ვკითხე მშობლებს, ამ ბავშვებს აქ რა ესაქმებათ - რატომ მოდიან მეთქი? და შვილოო, ამ ბავშვებს გასართობი არ აქვთ და სამი-ოთხი კაცი რომ იკრიბება, ფესტივალი ჰგონიათო.
🎈ბავშვებს გასართობი არ აქვთ... ბავშვებს გასართობი არ აქვთ... ბავშვებს გასართობი არ აქვთ... ეს ჩავიდე თავში და საღამოს დიდებული იდეაც მომივიდა.
დავჯექი მანქანაზე, ჩამოვედი თბილისში, დავძებნე ბავშვების ანიმატორები და ასე გავიცანი Ujma Ujmajuridze და Tamusia Letodiani, რომლებიც სამეგრელოში წამომყვნენ და მთელი სამი თვე, ჩვენთან ერთად გაატარეს.
გეგმა იყო ასეთი - გიგას დაბრენდილი ავტობუსი იყო მოსიარულე თეატრი, ზედ ჰქონდა ეკრანი და დინამიკები, შიგ ეწყო პუფები, სათამაშოები, ისა ესა... თან მოჰყვებოდნენ უჯმა და თამუსია თავიანთი საოცარი გასართობი პროგრამით.
107 უბანი იყო.
გვქონდა რუკა.
გადანაწილებული გვქონდა სოფლები და უბნები.
დილას გავდიოდით დაგეგმილ სოფელში ან უბანში.
ჩვენი მოსიარულე თეატრი დგებოდა სოფლის ცენტრში.
მე და გიგა ვიწყებდით სიარულს სახლებში და ვარიგებდით მოსაწვევებს ბავშვების გასართობ ღონისძიებაზე, რომელიც ყოველ საღამოს იმართებოდა ფეიერვერკების თანხლებით.
ჩვენთვის ეს შესაძლებლობა იყო, რომ მოსაწვევების რიგებისას მათ მშობლებს დავლაპარაკებოდით.
ფოთელი, ხობელი და სენაკელი ბავშვებისთვის კი ეს იყო დისნეილენდი!!!
უამრავი ბავშვი იკრიბებოდა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ბავშვი, ვინც იმ სოფელში, ან უბანში ცხოვრობდა იკრიბებოდა ჩვენთან და გამონაკლისები წესს ადასტურებდნენ.
უმრავლესობა (შედეგებითაც მიხვდებით) ქოცი ოჯახების შვილები და შვილიშვილები იყვნენ. მათი ნაწილი მშობლების მაისურებით მოფართხუნებდა - ზედ ქართული ოცნება ეწერათ. ვხვდებოდი რომ ოჯახი ღელავდა ბავშვს რომ ჩვენთან უშვებდა და მაისურს აცმევდა, რომ პარტიას კი არ უღალატეს, უბრალოდ ბავშვი გამოუშვეს გასართობად.
ცხადია ყველა ერთობოდა, ყველას უხაროდა.
მე და გიგასაც გვიხაროდა.
ვფიქრობდით, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, კამპანია უკვალოდ არ ჩაივლის - აქ იცხოვრებს ათასობით და ათიათასობით ბავშვი, რომელიც დაიმახსოვრებს, რომ როცა მათ გასართობი არ ჰქონდათ, შერეკილი ცოლქმარი ჩამოვიდა და მიკიმაუსი, ოჩოფეხებიანი კაცი, ცეცხლოვანი სალტოები, დისკოთეკა ჩამოიტანა და ფეიერვერკები მოუწყო.
ძაან ბედნიერები ვიყავით ხოლმე ყველა შეკრების შემდეგ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით, რომ სასიამოვნოს ვაკეთებთ.
არ გვეპარებოდა ეჭვი ბავშვების გულწრფელობაში.
ხოდა აი მაშინ, იქ მივხვდი, რომ ჩვენ ყველას - ფედერალისტებს, ქოცებს, ნაცებს... ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილები.
ჩვენი შვილები ჩვენთვის არის ისეთი ძვირფასი, რომ მათი სიყვარული ანგრევს პარტიულ ბარიერებს, პოლიტიკურ გემოვნებას...
უბრალოდ სამყაროს ცენტრია ჩვენთვის ჩვენი შვილები და უარის თქმა მათ სიამოვნებაზე ძალიან გვიძნელდება - თუნდაც მეორე მხარეს ჩერგო და ბოკერია იყვნენ.
და დავწყნარდი... მივხვდი, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა ავდგეთ, და რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე ძვირფასია, მათი შვილები - მათი შვილებისთვის კარგი მომავალი უნდა შევთავაზოთ.
მაშინ დავწყნარდი, მივხვდი რომ საქართველოში ვერ იარსებებს ჰამასი.
საქართველოში ბავშვებს არ აგაფარებინებენ.
ჩვენ უბრალოდ ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილები.
და ეს დამტკიცდა გუშინაც - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
·