ჩვენს გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო, მომავალ კვირაში კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუმძიმებს - ვაშაძე
ესტონეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც ირაკლი კობახიძე და "ოცნების" კიდევ 13 მაღალჩინოსანი დაასანქცირა, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიესალმება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მოძალადეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ანტიდემოკრატიული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.
„მივესალმები ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ყველა დამნაშავემ, მოძალადემ და ქართველი ხალხის ნების გამყალბებელმა უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიული ქვეყნებისგან მათ მიმართ ყველა ქმედება იქნება გამოყენებული, რომ შეწყვიტონ ეს ძალადობა და რაც მთავარია, შეეშვან ქრთველი ხალხის ნების გაყალბებას. იმ უწყვეტ პროტესტს, რომელიც საქართველოშია, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ.
ასე რომ, გავაგრძელოთ პროტესტი, მარტო არ ვართ - ჩვენს გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო. დარწმუნებული ვარ, მომავალ კვირაში კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუმძიმებს. რაც მთავარია, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება და საბოლოოდ, ქართველი ხალხი დიდ გამარჯვებას იზეიმებს. როგორც კი მოვიშორებთ არეულობის მომტან ივანიშვილს, ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი“, - განაცხადა ვაშაძემ.