შავი ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა - ქერჩის სრუტეში ნავთობის ორი რუსული ტანკერი ჩაიძირა
ქერჩის სრუტეში, რომელიც რუსეთისა და ანექსირებულ ყირიმს შორის მდებარეობს, კატასტროფა განიცადა ნავთობის ორმა რუსულმა ტანკერმა - "ვოლგონეფტ 212" -მა და "ვოლგონეფტ 239" - მა. ორივე გემზე ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ: "ვოლგონეფტი 212“-ზე 13 ადამიანი, ხოლო "ვოლგონეფტი 239“-ზე - 14. არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ „ვოლგონეფტი 212“, სავარაუდოდ, შუაზე გაიხლიჩა და ძლიერი შტორმის დროს მეჩეჩზე გაიჭედა. წყალში ნავთობის კვალი შესამჩნევია, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ნავთობპროდუქტების რაოდენობაზე, რომელიც ზღვაში ჩაიღვარა, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თითოეულ ტანკერზე დაახლოებით 4000 ტონა ნავთობპროდუქტები ინახებოდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სააგენტო ТАСС-ს აცნობა, რომ შტორმის დროს "ვოლგონეფტი 212"-ის "ცხვირის ნაწილი" მოწყდა. ინციდენტი ნაპირიდან 8 კილომეტრის დაშორებით მოხდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი და 7 ბალიანი შტორმი ზღვაზე) გამო, გემმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და დახმარება მოითხოვა.
"ვოლგონეფტი 212“-ის ბორტზე მყოფი 13 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა, დანარჩენების ევაკუაცია კი წარმატებით განხორციელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 11 მეზღვაური გადაიყვანეს ანაპის ქალაქის საავადმყოფოში, სადაც ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიმინ კონდრატევის განცხადებით, ეკიპაჟის ყველა წევრს ჰიპოთერმია დაუფიქსირდა.
მეორე ტანკერმა - "ვოლგონეფტი 239"-მა - ასევე მიიღო დაზიანებები და ტამანის პორტის რაიონში მეჩეჩზე გაჩერდა, ნაპირთან 80 მეტრის დაშორებით. დაზიანების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. გემზე მყოფი 14 ეკიპაჟის წევრი ჯერ კიდევ ბორტზე რჩება, მათთან კომუნიკაცია შენარჩუნებულია, დაგეგმილია ევაკუაცია