თეგებით ძიება

მას შემდეგ, რაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადავდეთ, რადიკალებმა ბავშვებზე გამარჯვება იზეიმეს - კახა კალაძე

რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

"მინდა, კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია ნაძვის ხის ანთების ღონისძიებასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. 14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე უნდა გამართულიყო საზეიმო ღონისძიება, სადაც ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით პატარებს ექნებოდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას. რასაკვირველია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ თუნდაც რადიკალები საკუთარი თანაქალაქელების წინააღმდეგ ასეთ სახალხო ღონისძიებაზეც დაგეგმავდნენ პროვოკაციებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 14 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები პროვოკაციას გეგმავდნენ, რის გამოც, საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

"თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა ადგილზე. აგრესიულმა ჯგუფებმა სცენას, სადაც ნაძვის ხის ასანთებად ბავშვები უნდა ასულიყვნენ, შუშის ბოთლები და სხვა მძიმე საგნები დაუშინეს. პარალელურად, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამას გარდა, დაგეგმილი იყო მთელი რიგი პროვოკაციები, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა მძიმე შედეგები. ცხადია, ვიმოქმედეთ ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია დაიცვას მოსახლეობა, მათ შორის ის მომიტინგეები, რომლებიც მზად იყვნენ ყველანაირი პროვოკაციის მოსაწყობად. რადიკალები მთელი დღის განმავლობაში თესავდნენ შიშს მოსახლეობაში, რათა რუსთაველის გამზირზე ბავშვები არ მიეყვანათ, რუსთაველზე ბევშვებთან ერთად მისულ მშობლებს კი ადგილზე, შვილების თანდასწრებით, მძიმე პროვოკაციებს უწყობდნენ. სხვა რა უნდა უწოდო ამას, თუ არა ლიბერალური ფაშიზმი.

დაგეგმილი ღონისძიების წინა დღეს, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მანამდე სკოლის ბავშვებს ძალადობრივ მიტინგებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, იმის თქმაც კი იკადრა, რომ რუსთაველის გამზირი გაზით იყო გაჟღენღილი და იქ ბავშვების მისვლა საშიში იყო. მას შემდეგ, რაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადავდეთ, რადიკალებმა, რომლებმაც 14 დეკემბერს საპრეზიდენტო, ხოლო 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები წააგეს, ბავშვებზე გამარჯვება იზეიმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა