სოფელ მუგარეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ავტომანქანაში ორი პირი დაღუპული დახვდა. ერთი დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ჰონდას“ მარკის ავტომობილი გასწრების მანევრს ასრულებდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბოლოს კი ხეს შეეჯახა.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.