რიგგარეშე არჩევნების არავითარი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს, რაც შეეხება კანონებს, მზად ვართ დისკუსიისთვის - ირაკლი კობახიძე
რიგგარეშე არჩევნების არავითარი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 4 წლის წინ ზუსტად იგივე სცენარი განვითარდა, 2 წელი ლაპარაკობდნენ, რომ აუცილებლად შედგებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა როგორც შედგა რიგგარეშე არჩევნები, ყველამ კარგად დაინახა.
რაც შეეხება "გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ შესახებ კანონებს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ კანონებზე დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"თუ დიალოგია საჭირო, მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერთან, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლებთან და მათ შორის უცხოელ პოლიტიკოსებთან თუ ჩინოვნიკებთან. ჩვენ გვჭირდება ამ კანონების განხილვა. ამას ვითხოვდით „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. ელჩებს ვთხოვეთ, საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველას ვთხოვეთ, რომ საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში დავმსხდარიყავით, გაგვერჩია კანონი, რა ჰქონდა ცუდი გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ყველა გაექცა ამ დისკუსიას. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგად იცოდნენ ამ კანონთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც წერია ამ კანონში, რომ წელიწადში ერთხელ NGO-მ უნდა წარადგინოს თავისი ფინანსური დეკლარაცია. რატომ გაურბოდნენ საჯარო დისკუსიას? შეუძლებელია, დაამტკიცო, რომ ეს არის ცუდი, მაგრამ დაარქვეს „რუსული კანონი“, ორი სიტყვით მანიპულირებდნენ და სწორედ ამიტომ გაექცნენ საჯარო დისკუსიას. რაც შეეხება მეორე კანონს, რომელიც არის მიმართული ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, აქაც დაგვიმტკიცონ, კარგია თუ არა ის, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესტრში და უცებ შეუძლია, გადაკეთდეს ქალად. თუ ეს კარგია, კი ბატონო, დაგვიმტკიცონ, მზად ვართ ამ საჯარო დისკუსიისთვის. ან ნებისმიერი სხვა საკითხი გავარჩიოთ, რაც ამ კანონთან არის დაკავშირებული, რომ ვიღაცას შეუძლია, აუკრძალოს მაგალითად საჯარო მოხელეებს, როგორც ეს მოხდა ბლინკენის ადმინისტრაციაში, რომ გამოიყენოს ტერმინები - ქალი, კაცი. ეს ნორმალურია? ჯანსაღია? დაგვიმტკიცონ. თუ ეს ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ და კი ბატონო, შევცვლით ყველაფერს, მაგრამ ჯერ დისკუსია, ჯერ დაგვიმტკიცონ და შემდეგ ვისაუბროთ რაიმეს ცვლილებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.