ალბათ მიხვდება სალომე ზურაბიშვილი, რომ თავი ხელში აიყვანოს და მოხდეს ყველაფერი ცივილურად. არ მგონია დანაშაულზე წავიდეს, შეიჭრას პრეზიდენტის რეზიდენციაში - მამუკა მდინარაძე
სკამზე ჩაბღაუჭების ეს ფორმა ცივილურ სამყაროს არ ახსოვს. ალბათ თვითონვე მიხვდება, რომ არ არის ეს ნორმალური ადამიანის საქციელი და მისი ემოციური ფონიდან გამომდინდა თუ შეძლებს, თავი ხელში აიყვანოს და მოხდეს ეს ყველაფერი ცივილიზებულ ფორმებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, რა მოხდება პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავად თქვა, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.
მამუკა მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ჩაიდენს დანაშაულს და არ შეიჭრება პრეზიდენტის სასახლეში.
„ზურაბიშვილს იმ ადამიანებმაც გადაუსვეს ხაზი, ვინც მისი პატრონის თხოვნებით, დავალებით თუ მითითებით, რაღაც მესიჯებს ახმოვანებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. დღეს, პირველად გაჩნდა მათ ვორდინგში ექსპრეზიდენტი. კალასმა ახსენა და ის პირველი იყო, რომ 29-მდეა ის პრეზიდენტი, ამიტომ ვისი იმედიც ყველაზე მეტად ჰქონდა, მათაც კი ხაზი გადაუსვეს და მიანიშნეს, რომ შენ ხარ პრეზიდენტი 29-მდე.
ის ილუზიები და სკამზე ჩაბღაუჭება, რომლის პრეცედენტი სხვაგან არსად ყოფილა, რასაც სალომე ზურაბიშვილი კადრულობდა ბოლო დღეების განმავლობაში „მე არსად არ მივდივარ“ და რაღაცებს, რომ ლაპარაკობდა, სკამზე ჩაბღაუჭების ეს ფორმა ცივილურ სამყაროს არ ახსოვს. ალბათ, თვითონვე მიხვდება, რომ არ არის ეს ნორმალური ადამიანის საქციელი და მისი ემოციური ფონიდან გამომდინარე შეძლებს, თავი ხელში აიყვანოს და მოხდეს ეს ყველაფერი ცივილიზებულ ფორმებში. სხვა შემთხვევაში არ მგონია დანაშაულზე წავიდეს და შეიჭრას პრეზიდენტის რეზიდენციაში და აქ გარკვეული რისკები შეუქმნას თავის თავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.