“ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება კარგად უმკლავდება გამოწვევებს” - მამუკა მდინარაძე
უნდათ, უნდოდათ და ენდომებათ მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი, აგენტურული მიზნების შესასრულებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, კანვასის ტრენინგები, მმაკკეინის ინსტიტუტის გეგმები მიმართულია იქით, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, რაც სამწუხარო რეალობაა.
„მგონია, რომ ამ ფრაზას კომენტირებაც არ სჭირდება. სხვადასხვა მხრიდან როცა მოდის ინფორმაციები და ლოგიკა, რაც ადამიანურობის ჩარჩოებში არ ჯდება, ის ინფორმაციები, რომლებიც მათ შორის ფარული თუ ღია ჩანაწერების სახით გავრცელდა, იმასვე ადასტურებს, რასთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე. მათ უნდათ, უნდოდათ და სამწუხაროა, რომ გვიწევს ამის თქმა, ენდომებათ მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი, აგენტურული მიზნების შესასრულებლად.
ჩვენ ვიცით კანვასის ტრენინგების შესახებ, მაკკეინის ინსტიტუტის გეგმების შესახებ, ყველა შემთხვევაში, ყველა ეს გეგმა მიმართულია იქით, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, რაც არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო, ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება კარგად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ღირსეულად, ამავდროულად, რაც უნდა რთული იყოს, ამის პარალელურად გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება, გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ღირსეული სვლა ევროკავშირისკენ, ევროპისკენ, ევროპის სრულფასოვანი წევრობისკენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.