"უამრავი მშობელი მეკითხება გიორგის მდგომარეობას... დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი, რომელსაც სხვების გადარჩენის უძლიერესი ბერკეტი აქვს" - ცნობილი პედიატრი დაკავებულ კოლეგაზე
ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.
მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, სადაც წერს:
"იცით რამდენი სიკვდილთან მებრძოლი პატარა პაციენტი გადაურჩენია??? ყველას რომ ხელები ჰქონდა დაშვებული იქ ჩნდებოდა გიორგი და სასწაულს ახდენდა ყოველთვის, სხვისი ცხოვრებით სუნთქვა იცით რა არის??? ერთხელ უმძიმეს, უიმედო პაციენტზე დავურეკე(ეპიგლოტიტი)ძალიან ვნერვიულობდი, საინტუბაციო მილის ჩადგმა ვერ ხერხდებოდა ტოტალური შეშუპების გამო,დამამშვიდა ჰაერის ერთი ბუშტუკი დავინახე და უწვრილესი მილით შევედიო, დღეს ის ბავშვი კარგად არის და რამდენი გავიხსენო ასეთი...
მომაკვდავ დედას მარტო უვლიდა სახლში და დღეს ის ქალბატონი სასიკვდილოდაა განწირული მის გარეშე. უამრავი მშობელი მეკითხება გიორგის მდგომარეობას... დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანების გადარჩენის უძლიერესი ბერკეტი უპყრია ხელთ-ცოდნა და უდიდესი პასუხისმგებლობა.... არაჩვეულებრივი ექიმი,კოლეგა და მოქალაქეა!!! თავისუფლება გიორგის,ის სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება" - წერს მამუჩიშვილი.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალებების ქონას ედავებიან.