ჰააგაში მტკიცებულებები მივიტანე, „ქართულ ოცნებას“ პასუხი უნდა ვაგებინოთ - ანა დოლიძე
დაუსჯელობა საქართველოში უნდა დასრულდეს, ადამიანების ცემა, განადგურება და დაზიანება უნდა დასრულდეს, შერჩევითი სამართალი უნდა დასრულდეს. სულ რომ დაბერება მომიწიოს ამ საკითხში, ხარება იქნება თუ პოლიტიკოსი, პასუხი უნდა ვაგებინოთ , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე განაცხადა.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ახლა ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც აქციების დაშლის დროს ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტების მტკიცებულებები მიიტანა.
„ჩემი ვიზიტი ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში შეხვედრით დაიწყო, სადაც მტკიცებულებები მივიტანე. გარდა ამისა შეხვედრები მაქვს პარლამენტის წევრებთან, ჩემს კოლეგებთან. ასევე, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში არის ძალიან დიდი ინტერესი.
„ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული ზღვარი გადაკვეთა, ისეთი ძალა და ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომ მარტო საქართველოს კანონმდებლობას კი არ ექვემდებარება, არამედ მათ ჩაიდინეს საერთაშორისო დანაშაულები. ის ყველაფერი, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების ალყაში მომწყვდევა და ფიზიკური ანგარიშსწორება, ქუჩა-ქუჩა დევნა საათების განმავლობაში, დასჯა, აყვანა. ჯგუფური შეურაცხყოფა, ცემა არაჰუმანური მოპყრობა, დამცირება, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლდა, წამების ფორმაა. ეს ყველაფერი ჩვენს შემთხვევაში დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა და ეს არის საერთაშორისო მასშტაბის დანაშაული და ამ ხალხს შეიძლება პასუხი ვაგებინოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, არის ჰააგის ტრიბუნალი. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო აქ პირველადი ინფორმაციის ჩამოტანა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.