"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა..." - გიორგი ვაშაძე
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა - ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე წამების კომიტეტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე დელეგაციის მხრიდანაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, იანვარში შეიძლება დამატებითი ვიზიტი განხორციელდეს.
გარდა ამისა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით სრულად არის ინფორმირებული და ძალიან კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ვიზიტს სიყალბისთვის იყენებს.
"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - მკაფიო განცხადება იყო მისი {ალენ ბერსეს] მხრიდან, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას. ეს განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიის საყურადღებოდ. მეორე - არ აპირებს შეხვდეს ყაველაშვილს. მესამე - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად იცის, რომ მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან. მეოთხე - აუცილებლად, ჩვენი ინფორმაციით, ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. მეხუთე - კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, მათ შორის, ჩემზე თავდასხმის ფაქტზე. მათი აზრითაც, ეს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა.
ამ საქმეზე იყო განსაკუთრებული ინტერესი იმიტომ, რომ ეს არის თავისთავად ახალი რანგის დანაშაულებრივი ქმედება რეჟიმის მხრიდან. დაინტერესდნენ, ეს ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია, არის თუ არა დაკავებული. მე ვუთხარი, რომ არათუ დაკავებული, მტკიცებულებები, რომლითაც მოხდა თავდასხმა, კვლავ ჩემთან არის, იმიტომ, რომ არანაირი გამოძიება ამაზე არ მიმდინარეობს და მთხოვეს, რომ მეტი დეტალი იყოს ამასთან დაკავშირებით გადაგზავნილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე, რაც საქართველოშია და ვფიქრობ, მომავალ წელს, ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდანაც იმ ყველა ინსტიტუციის გამოყენებით, რომელიც საქართველოშია.
წამების კომიტეტთან დაკავშირებით იყო საუბარი. იცით, რომ ჩვენ წერილობითაც მივმართეთ. ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, მომავალი წლის დასაწყისში ჩამოვიდნენ. მათ მხრიდანაც იყო ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, იანვარში შეიძლება დამატებითი ვიზიტი იყოს,“ - განაცხადა ვაშაძემ.