ემუქრება თუ არა შავ ზღვას ეკოლოგიური კატასტროფა? - ექსპერტის შეფასება
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რუსული სანავთობო ტანკერი, რომელსაც 4,300 ტონა მაზუთი გადაჰქონდა, ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, ქერჩის სრუტესთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა. ტანკერის ჩაძირვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა უსაფრთხოების სტანდარტების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
შემთხვევის შემდეგ მალევე, ამავე ადგილას შტორმში კიდევ ერთი რუსული ტანკერი მოხვდა, რომელსაც ოთხი ტონა ნავთობი გადაჰქონდა. თავდაპირველად დაიწერა, რომ ეს ტანკერიც ჩაიძირა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, 132-მეტრიანი ტანკერი ქერჩის სრუტეში მდებარე საპორტო ქალაქ ტამანთან ახლოს მიწაში ჩაეფლო და გაჩერდა. კონკრეტულად რა დაემართა რუსულ ტანკერებს, ჯერჯერობით, უცნობია, ხოლო დეტალების გარკვევას გამოძიება შეეცდება.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შავ ზღვაში არსებული ეკოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად დაზიანდა. კვლევები ცხადყოფს, რომ 2022 წელს, ომის შედეგად შავ ზღვაში ვეშაპისნაირთა ოჯახის 1,000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის დელფინი და ზღვის ღორი მოკვდა. ზღვა, ისევე, როგორც წყალთან დაკავშირებული ნებისმიერი გარემო ეკოლოგიური ცვლილებების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა, შესაბამისად ნავთობის, ისევე, როგორც მაზუთის ან საწვავის ჩაღვრა წყლის ხარისხზე და წყალში არსებულ ცხოველებზე, მცენარეებზე და მიკროორგანიზმებზე უარყოფითად მოქმედებს.
როგორც ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეების” თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე “საქმიან დილაში” ამბობს, კონკრეტულად რა გავლენა ექნება რუსული ტანკერების ჩაძირვის ამ ორ შემთხვევებს შავ ზღვაზე და, შესაბამისად, საქართველოზე, ამ ეტაპზე, უცნობია, რადგან ცუდი ამინდის გამო ზღვის ეს მონაკვეთი სატელიტურ სურათებში ჯერ არ ჩანს. ექსპერტის მოსაზრებით, თუ პესიმისტური პროგნოზი დადასტურდა, აფხაზეთის მიმდებარედ არსებული საზღვაო ზოლის ეკოლოგია მნიშვნელოვნად დაზიანდება.
“სამწუხაროდ, ბოლო დღეებში, ღრუბლიანობა იყო და ჩვენ ხელთ არსებული ქსელებით დაბინძურების მასშტაბი ჯერ ვერ დავინახეთ. ადრე თუ გვიან ეს მაინც გამოჩნდება, რადგან შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ თანამგზავრი მასშტაბის შეფასების საშუალებას გვაძლევს. თუმცა გავლენის შეფასება ამ შემთხვევაშიც კი რთული იქნება.
როგორც ამბობენ, შავ ზღვაში ორი ტიპის ნავთობი არის ჩაღვრილი, მათ შორის მაზუთი და საწვავი. საწვავის ფრაქცია შავ ზღვას აპკად დაედება, მაგრამ რა მიმართულებით წავა ის შტორმის დროს, ზუსტად ვერ ვიტყვით. რადგანაც ზამთრის პერიოდში შავი ზღვის ცირკულაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოდის, ვვარაუდობთ, რომ აფხაზეთის სანაპიროსთან, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეგვექმნას.
თუ ეს მაზუთის ფრაქციაა, ის ფსკერისკენ წავა და ახლომდებარე სანაპიროებს დააბინძურებს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება. ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ახლომდებარე ტერიტორია დაბინძურდება”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ “საქმიან დილაში”.
როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, დაბინძურების რადიუსი დაახლოებით სამოც კილომეტრს შეადგენს, ხოლო ნავთობის ლაქა ქალაქ ანაპას მიმდინარე ტერიტორიაზე არის კონცენტრირებული. როგორც “საქართველოს მწვანეების” თავმჯდომარე ამბობს, რუსეთის ფედერაციას შეუძლია, დაბინძურება ერთ ადგილას შეაკავოს, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებას საფრთხე დაემუქრება.
“თუ რუსეთის ფედერაციამ ნავთობის დასაჭერად კონკრეტული სამუშაოები არ ჩაატარა, დაბინძურების არეალი შეიძლება დაგრძელდეს. ეს ტექნოლგია შავი ზღვის ყველა ქვეყანას აქვს, მათ შორის საქართველოს. იმედი მაქვს, რომ რუსეთს შესაბამისი აღჭურვილობა აქვს, რომლის დახმარებით ნავთობს დაიჭერს და შავ ზღვაში გაფართოების საშუალებას არ მისცემს. თუ ეს არ მოხდა, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, შესაძლოა, დიდი პრობლემები შეგვექმნას, ზღვის იხტიოფაუნასთან და განსაკუთრებით დელფინებთან მიმართებით. პრობლემა, შეიძლება თევზჭერის სექტორსაც შეექმნას, რადგან ნავთობში ამოსვრილი თევზი ნორმალური პროდუქტი არ არის. გარდა ამისა, დამატებითი პრობლემა იხტიოფაუნის წარმომადგენლების მასობრივი დაღუპვა შეიძლება იყოს. შავი ზღვისთვის, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა”, - ამბობს ნინო ჩხობაძე “საქმიან დილაში”.
თუ გახსოვთ, შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა მედიის ყურადღების ცენტრში გასულ წელსაც მოხვდა, როცა რუსეთის ჯარმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა, რამაც ოცი კუბური კილომეტრი წყალი თავისუფალ მიმოსვლაში გაუშვა. როგორც ეკოლოგიის ექსპერტი, ნინო ჩხობაძე “საქმიან დილაში” ამბობს ზაფხულის სეზონზე ზღვის ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს პრობლემა არ შეჰქმნია, მაგრამ ახლა, ვითარება განსხვავებულია.
“კახოვკის შემთხვევისგან განსხვავებით, რომელიც ზაფხულში მოხდა, როცა შავი ზღვის ნაკადები სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ცირკულირებდა, საქართველოს საფრთხე არ შეჰქმნია. ახლა, ზამთრის პერიოდში, ნაკადები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოდის, ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ შეიძლება დაზიანდეს, როგორც აფხაზეთის სანაპირო, ასევე საქართველოს ეკონომიკური ზონა. ნებისმიერ სიტუაციაში, ეს შემთხვევა ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის დიდი ტრაგედიაა.
კახოვკის შემთხვევაში, წყალი ნავთობთან იყო შერეული და გვახსოვს, რა ხდებოდა ოდესასთან ახლოს და უფრო ჩრდილოეთით, რადგან ნაკადი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიდიოდა”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ “საქმიან დილაში”.
როგორც გარემოს დაცვის ექსპერტები ამბობენ, შავ ზღვაში მომხდარი შემთხვევა წყალში არსებული ცხოველებისთვის, მცენარეებისა და მიკროორგანიზმებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. კონკრეტულად რა გავლენას მოახდენს ზღვაში ორი სანავთობო ტანკერის ჩაძირვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს, ჩაატარებს თუ არა ის პრობლემის სალიკვიდაციო სამუშაოებს.