შეერთებულმა შტატებმა, გამონაკლისის სახით, უნგრეთსა და თურქეთს ნება დართო, გაზის საფასური „გაზპრომბანკის“ მეშვეობით გადაიხადონ
შეერთებულმა შტატებმა, გამონაკლისის სახით, უნგრეთსა და თურქეთს ნება დართო, გაზის საფასური „გაზპრომბანკის“ მეშვეობით გადაიხადონ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„დღეს მათ გააკეთეს გამონაკლისი „გაზპრომბანკთან“ დაკავშირებული გაზის გადახდებისთვის, რაც კარგი ამბავია, მაგრამ ჩვენ რეგიონულ მოკავშირეებთან ერთად შევიმუშავეთ გამოსავალი – გადახდის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც არ არღვევს სანქციებს, მაგრამ იძლევა გაზის გადახდების საშუალებას“, – განაცხადა სიიარტომ.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, აშშ-მა თურქეთი რუსული „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციებისგან გაათავისუფლა, რაც ანკარას გაზის იმპორტის გადასახადის გადახდის საშუალებას აძლევს.
ცნობისთვის, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გამო, ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის „გაზპრომბანკს“, ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს, რომლითაც გაზის საფასურის გადახდა ხორციელდება.