ეუთო/ოდირის დასკვნა უკიდურესად უარყოფითია - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებადაც კი არ არის მოხსენიებული - თინა ხიდაშელი
ეუთო/ოდირის დასკვნა უკიდურესად უარყოფითია. დასკვნაში ხელისუფლებადაც კი არ არის „ქართული ოცნება“ მოხსენიებული, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
თინა ხიდაშელის თქმით, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები ისეთივე მართალია, როგორც იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის მიერ სანქციების დაბლოკვის საკითხი.
„მჯერა საკუთარი თვალების, წავიკითხე ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უკიდურესად უარყოფითია. დასკვნაში ხელისუფლებადაც კი არ არიან ისინი მოხსენიებული. არც კი მახსოვს, როდის წამიკითხავს დასკვნა, რომელშიც წერს ფრაზას „ყველა საარჩევნო სუბიექტთან“. ამ ფრაზას იყენებს მუდმივად, როდესაც უნდა, რომ ადრესატზე ილაპარაკოს. დასკვნაში საუბარია უამრავ დარღვევაზე. საუბარია დარღვევებზე არჩევნებამდე, საუბარია მოსყიდვაზე, ფარულობის დარღვევაზე, საუბარია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ დავები აბსოლუტურად არატრანსფარანტულად და ყველა პრინციპის დარღვევით წარიმართა და ამის შემდეგ წერია, რომ „ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ვინმეს აღიარებს ან არ აღიარებს, ჩვენი დასკვნა წაიკითხეთ და შესაბამისად თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა, როგორი იყო ეს არჩევნები“. არც ასეთი ფრაზა არ დაუწერია არასდროს ოდირს საქართველოსთან მიმართებაში. მე არ ვიცი სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით რას წერდა, შეიძლება რომელიმე აფრიკულ ქვეყანასთან დაკავშირებით მას აქვს ასეთი ფრაზა დაწერილი, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის 2003 წელსაც კი, ვარდების რევოლუციის არჩევნების დროსაც კი ასეთი ფრაზა არ დაუწერია, როდესაც შავით თეთრზე საკუთარ დასკვნაში ოდირი ამბობს, რომ წაიკითხეთ ჩვენი მაღალი გამოცდილების მქონდე პროფესიონალების დასკვნა და თავად გააკეთეთ დასკვნებიო იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები.
ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ როდესაც ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციას მოუსმენთ, გახსოვდეთ, როგორ ეძახდა სამი დიდი ევროპული ქვეყნის: რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ამ კაცს მატყუარას. ყველაფერი, რაც პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორიც იტალიასთან, ესპანეთთან ან რუმინეთთან დაკავშირებით ილაპარაკა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.