თეგებით ძიება

"გეტყვით რას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, შვილი რომ გარდაეცვლებათ, ჩვენ გვეძახიან-მეთქი..." - რა ამბობს დეკანოზ შალვა კეკელიასთან?

რამდენიმე დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობდა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან დეკანოზ შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამ ინციდენტის შემდეგ მამა შალვა კეკელიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, ეკლესიაში მოგვიცვივდნენ, გვეძახდნენ, მოღალატე, გამოდი და შეურაცხყოფას გვაყენებდნენო.

სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სასულიერო პირის მიმართვას, ბევრმა­ ეს დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც გამოიყენა და ითქვა, თითქოს მარშის მონაწილეები ეკლესიაში შეიჭრნენ და დაარბიეს. მოგვიანებით მამა შალვა კეკელიამ განმარტა, რომ მარშის დროს ეკლესიაში არავინ შეჭრილა. რა მოხდა სინამდვილეში, რას ნანობს მოძღვარი, რას ეუბნება მრევლს, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრება დეკანოზი მამა შალვა კეკელია:

- მამა შალვა, ვითარება მძიმეა. სასულიერო პირებმა რა როლი უნდა შეასრულოთ ვითარების განსამუხტავად?

- ჩვენ, სასულიერო პირები, მისი უწმინდესობის, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტაძარში ყოველდღე, 1-ლ და 7 საათზე ვატარებთ პარაკლისს, ასევე წირვებს. ჩვენ ყველაზე დიდი იარაღი გვაქვს - ლოცვა. ღმერთს შევთხოვთ ქვეყნის დალაგებას.

ვისაც ეკლესიის წევრად მიაჩნია თავი, ლოცვაში ყველამ უნდა მივიღოთ მონა­წილეობა. უწმინდესმა გვაკურთხა, რომ რაც შეიძლება მალე დამშვიდდეს ქვეყანა.­ ლოცვა არის უმთავრესი. სამწუხაროა, რომ ადამიანებს განსხვავებული აზრის მიღება არ შეუძლიათ, თუ არ ეთანხმები მეორე ადამიანის აზრს, შენ მისი მტერი ხარ. ორივე რადიკალური მხარე ასე ფიქრობს. განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს კარგავენ, მეგობრებს იძულებენ. ეს ნიშნავს, რომ ის მეგობრები არასოდეს ჰყვარებიათ, იმის გამო იყვნენ მათთან, რომ სჭირდებოდათ. ოჯახის წევრებიც კი გადაეკიდნენ ერთმანეთს. ვინც განსხვავებული აზრის გამო უახლოეს ადამიანს კარგავს, ეგოისტია. წარმოუდგენელია, სამშობლო გიყვარდეს და არ გიყვარდეს ადამიანი, რომელიც ამ სამშობლოში ცხოვრობს. პანდემიის დროს ხდებოდა ასე, აცრილებისა და აუცრელების ბრძოლა იყო, მაშინაც ასე კარგავდნენ ერთმანეთს. ერთმა ქალმა მითხრა, ჩემი ქმარი დამშორდა იმის გამო, რომ აცრა არ გავიკეთე, მითხრა, ოჯახის მტერი ხარო. წარმოიდგინეთ, სადამდე მივიდნენ ადამიანები, ეს უნდა შეიცვალოს, ადამიანური ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ.

- ჩვენ ვნახეთ არაერთი ძალადობის ფაქტი, უამრავი ადამიანი მოხვდა კლინიკაში, მაგრამ არც ერთი სამართალდამცავი არ დასჯილა, დაისაჯნენ მხოლოდ აქციის მონაწილეები...

- ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. ეკლესია ამას ვერ გაამართლებს. შეიძლება სულიერი ძალადობა ბევრად აღემატებოდეს ფიზიკურს, როცა ერთმანეთს შინაგან სამყაროს უნგრევენ განსხვავებული აზრის გამო.

მე ვიყავი საავადმყოფოებში, ვნახე რამდენიმე დაშავებული ახალგაზრდა და მათ პარაკლისი გადავუხადე. მომიწია იმ პოლიციელებთან მისვლამაც, რომლებიც დაშავდნენ. ორივე მხარეს ჩემი შვილები არიან. ერთი მხარე გეუბნება, ის როგორ არის შენი შვილი, როცა ასე იქცევაო, იმავეს ამბობს, მეორე მხარე, პოლიციელებიც.

- თავდაპირველად ითქვა, თითქოს თქვენს ტაძარში შემოცვივდნენ აქციის მონაწილეები და გაგინებდნენ... რა მოხდა იმ დღეს?

- ბევრჯერ გამოიარეს ვაკეში წამოძახილებით. სოციალურ ქსელებშიც წერდნენ, მამა შალვას მივუცვივდეთ ეკლესიაში, გამოვათრიოთ, შაბათ-კვირას არ ღირს, ბევრი მრევლი ჰყავს, სხვა დღე შევარჩიოთო და ა.შ. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების­ დღეს ვიღაც ორმა ქალმა გამოიარა და იძახდნენ, მონებო, რუსეთის მონებო, მაგასთან როგორ დგახართო, და გაუვარდა ჩვენი მრევლი. ბოლო მსახურებების დროს ხშირად იყო ქუჩიდან ასეთი შეძახილები, ან მანქანიდან გვისიგნალებდნენ და ა.შ.

13 დეკემბერს ნათლობა უნდა ჩამეტარებინა, რომ დავინახე, მოდიოდნენ, ვიფიქრე, ავარიდებ თავს, ოთახში შევალ და რომ ჩაივლიან, მერე ჩავატარებ ნათლობას-მეთქი, მამა გრიგოლმა გაიხედა და მასაც ვუთხარი, ნუ უყურებ, მამაო, რამე არ გითხრან, არ გამოიწვიო-მეთქი. გარედან ისმოდა, მამა ვაკე, მამა შალვა ვაკე, შე პროპაგანდისტო, გამოდი, იქ არ მოდიხარ, აქაც ვერ გამოდიხარ, ახალგაზრდების გეშინია, შე მოღალატეო. უცებ არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, ოთახიდან გავვარდი და იქ დავდექი, აქა ვარ, ვინ არის მოღალატე-მეთქი?! ტრენდად აქვთ გადაქცეული რუსეთუმეს ძახილი. არადა, ყველაზე დიდი რუსეთუმეები ისინი არიან, ვინც ამას გაიძახის.

რუსული აზროვნება აქვთ Yჩემთვის იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიები დაანგრიეს, სასულიერო პირებს უყვიროდნენ, მღვდლებს გაგპარსავთო, ზუსტად ამას გვეუბნებოდნენ ახლაც, გაგპარსავთ და გამოგაგდებთ ტაძრებიდანო. საქართველოს ეკლესიას რუსეთის ეკლესიას ეძახიან მონათლული ადამიანები და ვერც აცნობიერებენ, რომ ამ ეკლესიის წევრები არიან. ასე როგორ ელაპარაკები მღვდელს. მეც ამას ვეუბნებოდი, რას მერჩით, რა დავაშავე. მე შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს, არ ვეთანხმები ამ აქციებს, ჩემთვის არ იკარგება ევროპა, ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, როცა ადამიანი რწმენას, მაცხოვარს, ღვთისმშობელს დაკარგავს. როცა ადამიანი კარგავს ღვთის რწმენას, ამაზე დიდი გაჭირვება არ არსებობს. ბევრს ყველაფერი აქვს, მაგრამ უბედურები არიან, იმიტომ, რომ რწმენა არა აქვთ. გარეგნული, მატერიალური მხარე ვერ კვებავს სულს.

ხომ შეიძლება მე ჩემი აზრი მქონდეს, რატომ მაიძულებ ამას?! ჩემმა მრევლმა ის ბოლო ეპიზოდი გადაიღო, როცა ის ბიჭი გაიძახის, მამა ვაკე, შე პროპაგანდისტოო. რატომ უნდა მომმართო ასე?! მამა ლუკა ეძახდა, მოდი, აქ მოდიო, და შუათითი გვაჩვენეს. 500 კაცი მაინც იქნებოდა და არავის გაუპროტესტებია ეს, არ უთქვამთ არაფერი მათთვის, ვინც ამას სკანდირებდა. იმ დღეს ანდრიაობის დღესასწაული იყო, ის ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელობისაა. 5-6 კაცი იყო, ვინც ასე მოგვმართავდა და მათთვის ეთქვათ დანარჩენებს, რას აკეთებთო. ერთი-ორი ჩვენ გვამშვიდებდა, იმისთვის ეთქვათ, როგორ აკადრებთ ამას მამაოსო. რამდენიმემ ბოდიში მომიხადა, მაგრამ მე არ შემხვედრია არც ერთი განცხადება სოცქსელში, სადაც ბოდიშს იხდიდნენ. ვუთხარი, დადეთ ეგ განცხადება სოცქსელებში, რომ არ მოგეწონათ, როგორ მოექცნენ მამა შალვას-მეთქი. არ დადეს, იმიტომ, რომ გადაუვლიან თავიანთი მეგობრები. ჩემი ვიდეომიმართვა უამრავმა ადამიანმა ნახა, უზომოდ დიდი სიყვარული ვნახე ხალხისგან. ისეთი მრევლი გამოჩნდა, ისეთმა ხალხმა დაიწყო მარხვა, რომელიც დიდი ხანია არ გამოჩენილა ტაძარში. ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ. ალბათ, ღირდა ამისთვის სიცოცხლე.

- ამ დაპირისპირებისას თქვენი ემოციური კადრები რომ ნახეთ, რა რეაქცია გქონდათ?

- არასწორი იყო ჩემგან ხმამაღალი საუბარი. მიუღებელია ჩემთვის ჩემი ასეთი სახის ნახვა, თან ამ მარხვაში. ასე მღვდელი არ უნდა მოიქცეს. არ მინდა თავი ვიმართლო, მაგრამ, ალბათ, ამოხეთქა წლების განმავლობაში დაგროვილმა გულისტკენამ. ამას არ ვამართლებ, მაგრამ რამდენჯერ შეურაცხმყვეს, წლების განმავლობაში მიდის ეკლესიისა და სასულიერო პირების ლანძღვა-გინება. ღმერთის წინაშე რომ წარვდგებით, ღმერთი კი არ გვკითხავს,­ ვინ როგორ იქცეოდა, გვკითხავს, ვის როგორ ვექცეოდით. ძალიან არ მომეწონა ჩემი საქციელი, მაგრამ იმ დროს არ ვიცი, რა მოხდა, როგორ მოვხვდი იქ, რას ვამბობდი. ერთადერთი მახსოვს, ის ბიჭი რომ მლანძღავდა და მელაპარაკებოდა კუბოებზე, ღმერთს ვეხვეწებოდი, ეს ბიჭი გაიყვანე აქედან-მეთქი, შეიძლება ხელითაც შევხებოდი, რაც ძალიან ცუდია. მას ერთი პასუხი გავეცი და მერე შევტრიალდი სხვა ადამიანისკენ, რადგან მართლა შეიძლებოდა ფიზიკურად ვერ მომეთმინა... ის ვიდეო რომ ჩავწერე, პარაკლისი გადავიხადე ტაძა­რში და დავმშვიდდი, ისევ გავხდი ძველი მამა შალვა.

- თქვენ იმ ხალხთან თქვით ასეთი ფრაზა,­ მღვდელი რომ დასჭირდებათ, რომ გარდაეცვლებათ შვილი, ჩვენ გვეძახიან, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთანო...

- ეგ ძალიან ცუდი იყო. ვინც იმ მაგინებელ ბიჭს ვიდეო გადაუღო, ის ქალი ჩემი მრევლი იყო, შვილი ჰყავს გარდაცვლილი. მასაც დიდი შეურაცხყოფა­ მიაყენეს. ერთი წელი ახალი გასულია მისი შვილის გარდაცვალებიდან. იმ ქალს ვგულისხმობდი, როცა ეგ ვთქვი. ადამიანს რომ რამე დაემართება, ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ მის გვერდით. ის ქალი მღვდლებმა დავაყენეთ ფეხზე. ამ ხალხმა რა ქნას მაშინ-მეთქი, ამის თქმა მინდოდა. რუსეთუმეებს რომ გვეძახდნენ, მინდოდა მეთქვა, მე თუ რუსეთთან ვარ, წყეულიმც ვიყო-მეთქი, მაგრამ იმ ვიდეოს რომ მოვუსმინე, ისე გამოვიდა, ვთქვი, ვინც რუსეთის მხარეს არის, წყეულიმც­ იყოს-მეთქი. რეალურად ეგ არ მიგულისხმია, მე ვერავის დავწყევლი ცხოვრებაში. ორივე მხარეს ჩემი შვილები არიან. მე არც ერთის­ მჯერა და არც მეორის, არც ევროპა გადა­მარჩენს, არც ამერიკა და არც რუსეთი, მე მხოლოდ ღმერთი გადამა­რჩენს. ისე გამოვიდა, თითქოს დავწყევლე, ვინც რუსეთს უჭერს მხარს. ეს რომ ვნახე, შენდობა ვითხოვე. არის სპეციალური ლოცვა, რომელიც წყევლას ხსნის, ის ლოცვა წავიკითხე. როგორ შეიძლება მღვდელს მოგეწონოს დაწყევლა. იმ მომენტში ჩემს თავს საერთოდ არ ვეკუთვნოდი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა