მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი - კახა კალაძე
"ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნის სტატუსით, ხან სანქციებით და ეს წარმოუდგენელია. მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი", - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შეფასებისას განაცხადა.
"სანქციებს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ დე ფაქტოდ, ბიძინა ივანიშვილი ისედაც დასანქცირებული იყო. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკება გახსნა-არ გახსნის სტატუსით, ხან სანქციებით და ეს წარმოუდგენელია. მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მუქარებით და შანტაჟით, ეს უკვე ყველა ზღვარს ცდება. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ეს ადამიანი საქართველოში მოღვაწეობის დროს, მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო საქმიანობა აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას და ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.
ჩვენ, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელმაც 26 ოქტომბერს გამარჯვება მოვიპოვეთ, იმიტომ, რომ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ეს პოლიტიკა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება", - აცხადებს კახა კალაძე.