სამწუხაროა და ტრაგიკულია, როცა ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ - გიორგი გახარია
სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ - - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების გამო შეიძლება ხელისუფლება უფრო მკაცრ და ბრუტალურ ქმედებებზე გადავიდეს.
„მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში ეს არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. აქ არაფერი სასიხარულო და საჟრიამულო არ არის. ჯერ ერთმნიშვნელოვნად გაუგებარია, ამით როგორ შეიცვლება რეჟიმის ქმედებები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ახლა პროცესებს. სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ. შესაბამისად მთელი ეს პოლიტიკური ბოლი, რომელსაც აყენებდნენ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, რომ ისინი ღირსებით მიდიოდნენ ევროკავშირში და 20 იანვრიდან დაალაგებდნენ ურთიერთობებს ყველასთან და ყველაფერთან, ეს ყველაფერი უკვე გაშიშვლდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს ჯერჯერობით. სამუშაო იქნება კიდევ ბევრი, ეჭვი მაქვს, რომ კიდევ უფრო მძიმე იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ივანიშვილისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, გარკვეულ წილად ამისთვის მზადაც გახლდათ.
ეს არის ორპარტიული გადაწყვეტილება და მისი უკან გაწვევის ალბათობა ძალიან დაბალია. მთავარია ეს გადაწყვეტილება როგორ შეცვლის „ქართული ოცნების“ მოქმედების მოდელს. ამას, რა თქმა უნდა, ექნება გავლენა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გავლენა შეიძლება იყოს რეჟიმის კიდევ უფრო დამძიმება, ეს რეჟიმი შეიძლება კიდევ უფრო ბრუტალური გახდეს და უფრო მკაცრ ქმედებებზე გადავიდეს ან პირიქით გარკვეულ დათმობებზე წავიდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.