"რატომ ახლა და რატომ ბაიდენის ხელით? საქმე იმაში გახლავთ, რომ..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ სანქციებზე
ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების საკითხს. მისი თქმით, შემთხვევითი არ იყო, რომ სანქციების დაანონსებას ახდენდნენ ძირითადად რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები
"ვინც დღეს ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება ბაიდენის “კუდის მოქნევა” იყო, ან არაფერი გაეგება გარდამავალ პერიოდში აშშ-ს პოლიტიკური მუშაობის სპეციფიკის, ან უბრალოდ “კონა აბაზი” პროპაგანდისტია, რომელიც შეგნებულად ატყუებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ბაბლს.
შემთხვევითი არც ის იყო, რომ სანქციების დაანონსებას ახდენდნენ ძირითადად რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები. სწორი კითხვაა - რატომ ახლა და რატომ ბაიდენის ხელით?საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ფორმით ტრამპმა შეიქმნა მაქსიმალურად კომფორტული სასტარტო პოზიცია შემდგომი მოქმედებებისთვის.
მას ახლა შეუძლია ამ გადაწყვეტილების შეცვლა, როგორც შემსუბუქების, ასევე დამძიმების მიმართულებით. თან ისე რომ სწრაფად იმოქმედოს, რადგან ყველას ესმის, რომ აქ დაყოვნება არ შეიძლება. გზავნილი (ულტიმატუმი) არის ასეთი: "ტყუილად ჩალიჩობ ლობისტების მეშვეობით რაღაც მოლაპარაკების გახსნას.
არავინ შენთან ლაპარაკს არ აპირებს. ან მოიქცევი ისე, როგორც გეუბნებიან და რაც ჭირდება შენი ქვეყნის ნორმალურ, დემოკრატიულ განვითარებას, ან მიიღებ სანქციების გაფართოებას ტრანს-სასაზღვრო მიმართულებით”. სულ ეს არის და ეს…" - წერს ხუხაშვილის სოციალურ ქსელში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ სახაზინო დეპარტამენტმა მიერ გამოცემულ “გენერალური ლიცენზია #116“-ში.