თეგებით ძიება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ სალომე ზურაბიშვილი ფიზიკურად, სამართლებრივად, მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება - ირაკლი კუპრაძე

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა ათონელის რეზიდენცია, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ექსპრეზიდენტის ნაბიჯს იწონებს, ნაწილი კი უკმაყოფილოა.

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია კი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეზიდენციიდან გამოსვლა-არგამოსვლა არც აღფრთოვანების საკითხია და არც ხელის ჩაქნევის.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან ერთად წინააღმდეგობა გაგრძელდება და, მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის მიუხედავად, მხოლოდ ზურაბიშვილი რჩება ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად.

"საზოგადოება სხვადასხვაგვარად უყურებდა ამ მოვლენას. მე, მაგალითად, არ დავიწყებდი სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯების რევიზიას ამ ეტაპზე. მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყო ორბელიანების სასახლიდან, კი ბატონო, ეს მისი ნება და უფლება იყო. შეიძლება, საზოგადოების ნაწილი სხვანაირად ფიქრობდა, თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტდა, რომ დარჩენილიყო ორბელიანების სასახლეში და თუ იქნებოდა აუცილებელი მისი დაცვა, მათ შორის ფიზიკურად, მე, როგორც ერთი ადამიანი, ამ პროცესში ჩავერთვებოდი," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე.

"ძლიერი საქართველოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ სალომე ზურაბიშვილი ფიზიკურად, სამართლებრივად, მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმაციას ქმნის არა ორბელიანების სასახლე, არამედ ის ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რომელმაც ის აქცია პრეზიდენტად," - აღნიშნავს "ძლიერი საქართველოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა