მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით - “ვისოლი” განმარტავს, რატომ აღარაა სარეკლამო კლიპში ანდრო ჭიჭინაძე
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პროევროპულ აქციებზე დააკავეს, "ვისოლის" სარეკლამო კლიპში აღარ არის.
საქმე ის არის, რომ პირვანდელ ვერსიაში მსახიობის ორი კადრი იყო, ხოლო ბოლო ვერსიაში, მხოლოდ მისი ხელი ჩანს. bm.ge კომპანიას ვითარებაში გასარკვევად დაუკავშირდა.
"ვისოლში" აცხადებენ, რომ კონტრაქტით კომპანიას მისი კადრების გამოყენების უფლება მხოლოდ გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ჰქონდა.
"მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით.
შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუა და დეზინფორმაცია. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან", - განუცხადეს bm.ge-ის კომპანიაში.