თეგებით ძიება

"გადავწყვიტეთ, კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან" - "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა Wissol-ის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დეზინფორმაციაა თითქოს მსახიობის მონაწილეობით კადრი პოლიტიკური ნიშნით ამოჭრეს. ამავე განცხადებაში, ხორავა აღნიშნავს, რომ შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვიტეს კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან: 

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით „ვისოლის“ სარეკლამო კლიპის სრული ვერსია, რომელმაც მწვავე დისკუსია გამოიწვია, დღემდე ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ ქსელებში.

შესაბამისად, ის, რომ თითქოს მსახიობის მონაწილეობით კადრის ამოჭრა კლიპიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა, დეზინფორმაცია და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა.

შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან. ჩვენ ასევე დავუკავშირდით მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ოჯახს და პირადად ავუხსენით შეთანხმების იურიდიული მხარე.

გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით სარეკლამო კლიპის სრული ვერსია სატელევიზიო ეთერში განმეორებით გადიოდა 2024 წლის სექტემბრიდან.

მსახიობთან განახლებული კონტრაქტის საფუძველზე, მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა სატელევიზიო ეთერში 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე გვქონდა.

შესაბამისად, დაკორექტირდა კლიპიც და ახალი ვერსია ტელევიზიებს გაეგზავნათ 2024 წლის 26 ნოემბერს, ხოლო დაკორექტირებული რგოლი ეთერში განთავსდა 1 დეკემბრიდან. მსახიობის დაკავება კი, როგორც მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს მოხდა.

ანდროსგან დასტურის შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ხელშეკრულებაც.

იმედი გვაქვს, ანდრო მალე დაუბრუნდება ოჯახს, თავის პროფესიას და ჩვენც შევძლებთ მასთან სამომავლოდ თანამშრომლობას”,  ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პროევროპულ აქციებზე დააკავეს, "ვისოლის" სარეკლამო კლიპში აღარ ჩანს. პირვანდელ ვერსიაში მსახიობის ორი კადრი იყო, ხოლო ბოლო ვერსიაში, მხოლოდ მისი ხელი დატოვეს. ,"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის ამოჭრა კონტრაქტის პირობებით ახსნა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა