“სამყარომ დაგვივიწყა, კოშმარში ვცხოვრობთ“ - ჰამასმა 19 წლის მძევალი გოგონას ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ისრაელის მთავრობას მიმართავს
2023 წელს, "ჰამასის" მიერ ტყვედ აყვანილი ისრაელელი გოგონა ლირი ალბაგი, შესაძლოა კვლავ ცოცხალი იყოს. დაჯგუფებამ ახლახან გაავრცელა ვიდეო, სადაც 19 წლის მძევალი ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს.
სამწუთნახევრიან ვიდეოში ალბაგი ამბობს, რომ ის უკვე 450 დღეა დაჯგუფების ტყვეობაშია და ნამდვილ კოშმარში ცხოვრობს:
"მხოლოდ 19 წლის ვარ, მთელი ცხოვრება წინ მაქვს, მაგრამ ახლა ჩემი ცხოვრება შეჩერებულია. ჩვენთვის აქ ახალი წელი ჩაბნელებულია, რადგან სამყარომ დაგვივიწყა. არავის ვადარდებთ. კოშმარში ვცხოვრობთ", - ამბობს გოგონა ვიდეოში.
ვიდეოში მოზარდი ისრაელის მთავრობასაც მიმართავს: "მხოლოდ ის მინდა, ხალხმა დამიმახსოვროს. ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობისა და ჯარის გამო ხდება".
მოზარდის ოჯახმა ვიდეოს ფართოდ გავრცელება არ ისურვა და განაცხადა, რომ შემაშფოთებელმა კადრებმა გული მათ ნაწილებად დაუფლითა.
"ის არ არის ჩვენი ქალიშვილი, რომელსაც ვიცნობთ. აშკარაა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ჩვენგან სულ რაღაც ათეულ კილომეტრშია, მაგრამ 456 დღეა, რაც სახლში ვერ მოგვყავს. მივმართავთ პრემიერ მინისტრსა და მსოფლიო ლიდერებს, დროა, გადაწყვეტილებები ისე მიიღოთ, თითქოს თქვენი შვილები იყვნენ იქ. ლირი ცოცხალია და უნდა დაბრუნდეს! ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!", - აცხადებენ ელი და შირა ალბაგები.
“მძევლებისა და დაკარგულთა ოჯახების ფორუმის“ შტაბ-ბინაში, რომელიც ტყვედ აყვანილთა ოჯახებს წარმოადგენს, აცხადებენ, რომ ლირის ვიდეო იყო “სასტიკი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ყველა მძევალი სახლში უნდა დაბრუნდეს რაც შეიძლება მალე.“
ლირი ელბაგი და კიდევ ექვსი წვევამდელი ჰამასის წევრებმა ღაზას საზღვართან არსებულ, ნაჰალ ოზის სამხედრო ბაზაზე 2023 წლის ოქტომბერში აიყვანეს მძევლად.
ისრაელის ხელისუფლების ვარაუდით, დღემდე, ჰამასთან ტყვეობაში 62 მძევალი რჩება.
2024 წლის დეკემბერში პალესტინელმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ თითქმის დასრულებულია, მაგრამ რამდენიმე საკვანძო საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.
წყარო:nypost