„20 იანვარიც მოდის და არაფერიც არ შეიცვლება… მერე იტყვიან, რომ დონალდ ტრამპიც „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ქვეშ მოექცა“ – დიმიტრი ცქიტიშვილი
„უნდა ითქვას, რომ „გავრილოვის ღამეს“, ერთი მხრივ, ლეგიტიმური პროტესტი იყო და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაც ფიქსირდებოდა, თუმცა ეს არ იყო სისტემური ძალადობის შემთხვევა. [რაც შეეხება მერაბიშვილს], 2007 წელს სააკაშვილი ეშმაკურად გადადგა და ხელახალი მანდატი მიიღო. ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა პროცესმა ვითარება განმუხტა“ – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ცქიტიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას და მმართველი გუნდის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ფავორიტი პერსონები არიან. მისივე თქმით, „მაგნიცკის სია“, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა არის შეყვანილი, დამაზიანებელია:
„მაგნიცკის სია“, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა არის შეყვანილი, დამაზიანებელია. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ევროინტეგრაცია არ ანაღვლებს და ამ პროცესის საბოტაჟი ხდება. მეორეს მხრივ, არც ის შეზღუდვები უნდათ, რომლებიც მათ და მათი ოჯახის წევრებს ეკისრებათ. არასასიამოვნოა, რომ „ფაქტობრივი მმართველი“, რომელიც დიდი გამარჯვებებითა და დემოკრატიული ახალი ტალღის დაპირებებით მოვიდა 2012 წელს ხელისუფლებაში, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებული გახდა“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ „გლობალური ომის პარტიის“ თეორიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი „ტყვეობაში“ აიყვანა:
„ისინი მითოლოგიურ პროცესში გვაცხოვრებენ. ეს არის საბჭოთა სპეცსამსახურების მეთოდოლოგია, „ქართულმა ოცნებამ“ ომის განახლების საფრთხე საიდანაც მოდიოდა, მას მეგობარი დაარქვა და ისინი, ვინც 2008 წელს უზრუნველყო, რომ კიდევ უფრო დიდი არ ყოფილიყო ოკუპაცია და ანექსია, „გლობალური ომის პარტიის“ მიერ მანიპულირებად ჯგუფებად მოიხსენია. ხელისუფლების ამ რამდენიმეწლიანმა კამპანიამ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი „ტყვეობაში“ აიყვანა.
„ქართული ოცნების“ გამაერთიანებელი მატერიალური კეთილდღეობაა და ეს სანქციებიც მათ კეთილდღეობას ურტყამს. კარგი იქნებოდა ამ სანქციების შემდეგ დაეკორექტირებინათ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა. 20 იანვარიც მოდის და არაფერიც არ შეიცვლება და მერე იტყვიან, რომ დონალდ ტრამპიც „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ქვეშ მოექცა“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
პოლიტიკოსი, ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერებაზე საუბრობს:
„ფაქტია, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის ახალ მეთოდებს იყენებს. ამგვარ პროცესებს ჩვენ ევროპაშიც ვხედავთ, თუმცა საქართველოში ხელისუფლებამ რუსეთს ამის უფლება მისცა.საქართველოში ახალ არჩევნებს რაც შეეხება, როგორც ეს ევროპულ რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, „ქართული ოცნებამ“ კარგად იცის, რომ იმავე რესურს ვეღარ გამოიყენებს, რაც მაშინ არჩევნებში გამოიყენა. რეალურად მათ აქვთ შიში, რომ ისინი არჩევნებს ვეღარ მოიგნებენ. რეალურ აქციებმა ხელისუფლება ჩიხში შეიყვანა, ამასთან გამკლავება ძალით შეუძლებელია და თანმდევი კრიზისების ფონზე მათ დათმობაზე წასვლა მოუწევთ, ეს კი ქართული საზოგადოების ჯიუტმა პროტესტმა გამოიწვია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.