სანქციები, რომელიც ივანიშვილს დაუწესდა, გზის მხოლოდ დასაწყისია - სალომე სამადაშვილი
„ქართულ ოცნებას“ რუსები უწერენ ყველანაირ პროპაგანდისტულ გზავნილებს, მაგრამ ძალიან შეცდნენ, „გლობალური ომის პარტია“ ქართული სიტყვები მაინც იყო, მაგრამ „დიფსთეითი“ და უცხო სიტყვების რახარუხი საერთოდ გაუგებარია , - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.
როგორც სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „დღეს აბსოლუტურ პანიკაშია“.
„ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი იდიოტებად მიაჩნია, პირველ რიგში საკუთარი მომხრეები. ამ ხალხს არც სინდისი, არც ნამუსი, არაფერი არ აწუხებს. ბიძინა ივანიშვილი დღეს აბსოლუტურ პანიკაშია. რეალურად ასეთ სისულელეებს არავინ არ წერს, ვინც საღ გონებაზეა. მას რატომღაც ეგონა, რომ შერჩებოდა, რაც გააკეთა, როგორც ადრე შერჩენია გაყალბებული არჩევნები, ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ. რატომღაც ეგონა, რომ ამ ჯერზეც გაძვრებოდა, მაგრამ კი ვერ გაძვრა, დაასრულა იმით, რომ სანქციები, რომელიც მას დაუწესდა, გზის მხოლოდ დასაწყისია, მას წინ ძალიან მახრჩობელა ხელი ელოდება, აშშ-ის და დასავლეთის ფინანსური სანქციები მის ყელზე და მის კისერზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ სრულ პოლიტიკურ იზოლაციაშია.
„დამისახელეთ რომელიმე მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც გაიმართა. ამ ხელისუფლებასთან არანაირი კომუნიკაცია არ არის. არჩევნების შემდეგ დამისახელეთ ერთი მაღალი დონის შეხვედრა აშშ-ის რომელიმე წარმომადგენელთან. ერთი ევროკავშირის ელჩმა გააკეთა სისულელე და მივიდა ბოჭორიშვილთან შესახვედრად და ამით კინაღამ დაასრულა თავისი კარიერა. „ქართული ოცნება“ არის აბსოლუტურ პოლიტიკურ იზოლაციაში. აშშ-სგან ოფიციალურად არალეგიტიმურად გამოცხადებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არავინ წარმართავს. აშშ-სთან ურთიერთობას უფრთხილდება ყველა სახელმწიფო“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.