სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს აქვს პოზიტიური პოზიცია სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.
როგორც სომხური მედია წერს, მირზოიანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძლიერებულ და არსებით თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დემოკრატიულ და უსაფრთხოების სექტორებს.
„სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიკური ურთიერთობები აქვთ და ეს ურთიერთობები ძალიან მდიდარი შინაარსისა და სხვადასხვა სექტორს მოიცავს“, - განაცხადა მირზოიანმა და მან ხაზი გაუსვა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის ყოფნას, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერას სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებისათვის.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, კანონპროექტის დამტკიცების გარდა, მინისტრთა კაბინეტმა მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.