ეს იყო საარჩევნო დაპირება, რომ ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, უნდა აგოს პასუხი - კახა კალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია პარლამენტში თებერვლის პირველ რიცხვებში შეიქმნება. რეგლამენტის მიხედვით, კომისიაში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა მხოლოდ ნახევარი შეიძლება იყოს, ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენლობა.
ბარიერგადალახული პარტიები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას და არ აპირებენ კომისიასთან თანამშრომლობას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კომისიის მუშაობაში ოპოზიციის სტატუსით "ხალხის ძალის" დეპუტატები ჩაერთვებიან.
მმართველი გუნდი ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მათივე თქმით, გამოძიება არ შეეხებათ სამხედრო მოსამსახურეებს.
"ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომ ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი და ქვეყანაში ვერ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ,ქვეყანაში გვყავს გარკვეული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩაიდინა მოღალატეობრივი აქტი, დათმო ქვეყნის ტერიტორიები, მე არ ვიცი ვისი დავალებით კეთდებოდა ეს ყველაფერი, ვის ინტერესს ემსახურებოდა, ფაქტი არის სახეზე - ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ლტოლვილად მიღებული ადამიანები, და ამ ყველაფერს სჭირდება პასუხის გაცემა", - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.