თეგებით ძიება

ეს არის კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის, ვალდებული ვართ, ავიმაღლოთ ხმა, თუ დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა - როთი

ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა მინდა, ცხადვყო: ეს არ არის მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის შიდა დავა. ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის და სწორედ ამიტომ, როგორც ერთგული ევროპელები საფრანგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, მთელი ევროპიდან, ვალდებული ვართ, ავიმაღლოთ ხმა, თუ დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა.

როგორც მიხაელ როთმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.

„მოხარული ვარ ამ შესანიშნავ ქვეყანაში დაბრუნებით, აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, როდესაც საუბარია თავისუფლებასა და დემოკრატიაზე და ევროპულ ღირებულებებზე. ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა მინდა, ცხადვყო: ეს არ არის მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის შიდა დავა. ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის და სწორედ ამიტომ, როგორც ერთგული ევროპელები საფრანგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, მთელი ევროპიდან, ვალდებული ვართ, ავიმაღლოთ ხმა, თუ დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. ჩემი გზავნილი მმართველი პარტიის მიმართ ძალიან მკაფიოა, ერთადერთი შანსი ამ ვითარების დასაძლევად, გაყალბებული არჩევნებისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახალი არჩევნებია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რათა დავიბრუნოთ ნდობა. რადგან ყველა მხარე და მთლიანად ხალხი ვალდებულია, ძალიან ბევრი იმუშაოს ევროპული პერსპექტივისთვის. შესანიშნავია იმის ხილვა, რომ ამდენი ხალხი – ხანდაზმულები, ახალგაზრდები, ქალები, კაცები, სტუდენტები, დასაქმებულები ქუჩაში დგანან და არ მესმის, მმართველი პარტია, რეჟიმი რატომ უყენებს ბრალს ამ ხალხს, ესენი პატრიოტები არიან. ისინი ერთგული პატრიოტები არიან, ისინი იბრძვიან საქართველოსთვის, საქართველოს კონსტიტუციისთვის და ეს ნიშნავს ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისთვის. ვიმედოვნებ, რომ შეგვიძლია ამ ხალხის გამხნევება“, – განაცხადა როთმა.

მისივე თქმით, ძალიან დასაფასებელია სანქციები, რომლებიც უკვე დაწესდა.

„მე ძალიან ვაფასებ ინდივიდუალურ სანქციებს იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებსა თუ კონსტიტუციის დარღვევაზე. მინდა, წავახალისო ჩემი კოლეგები და მეგობრები ევროკავშირში, განაგრძონ ქართველი ხალხის გვერდით დგომა. მე ძალიან მადლიერი ვარ ოპოზიციასთან საუბრის შემდეგ. ოპოზიცია ძალიან მრავალფეროვანია, პარტიებს შორის კონკურენცია დემოკრატიის არსია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანია მკაფიო სურვილის, მკაფიო მოთხოვნის გამოხატვაში – ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიეცით ხალხს არჩევანის ხმა ამ შესანიშნავ, ევროპის შუაგულში მყოფი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფებით, არამხოლოდ საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთის ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში, ჩვენ განვიხილავთ ჩვენს წვლილს, გავაძლიეროთ და დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა უკანონო პრეზიდენტი და პარლამენტი გვყავს და არალეგიტიმური მთავრობა. უნდა დავძლიოთ ეს ვითარება, რადგან ხალხი იმსახურებს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს, მტკიცე, სანდო მთავრობას“, – განაცხადა როთმა.

ამასთან, მიხაელ როთის განცხადებით, მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა.

„ჩვენ ძლიერი ინსტიტუტები გვჭირდება. ძალიან ვღელავ ბოლოდროინდელი განვითარებების გამო, რადგან დინამიკური დემოკრატიისთვის ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ძლიერი და დემოკრატიული პარლამენტი, პრეზიდენტი და მთავრობა, არამედ ასევე გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ივანიშვილის იმედები ტრამპის ინაუგურაციაზე, არ მინდა სპეკულირება არჩეული პრეზიდენტის გარშემო, მაგრამ პოლიტიკოსებმა, რომლებიც უფრო დაახლოებული არიან დონალდ ტრამპთან, როგორიცაა ბატონი უილსონი, ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთეს და წარადგინეს უკიდურესად მკაცრი სანქციები ივანიშვილი წინააღმდეგ. ასე რომ, ცოტა ნაივურია იმის მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს ბატონ ივანიშვილს. ამ რეჟიმის პირობებში ვერ ვხედავ საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს. სწორედ ამიტომ არის საჭირო ახალი არჩევნები, ლეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტისთვის, რომელიც იმ ხალხის სახელით ისაუბრებს, რომლებიც ქუჩაში თავისუფლებისთვის დგანან. ისინი არ ითხოვენ უფრო მაღალ პენსიებს ან კეთილდღეობას, ისინი ითხოვენ ევროპულ ღირებულებებს და ამიტომ ვამბობ, რომ თბილისი ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია. თუ გსურთ, შეიგრძნოთ, რას ნიშნავს ევროპა, საქართველოში ჩადით, თბილისში, ბათუმში, სხვა უამრავ ქალაქსა და სოფელში ამ ქვეყნის და შეიგრძნობთ, რა არის ევროპის არსი – თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მრავალფეროვნება“, – განაცხადა როთმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა