ვუყურებდი ამ საოცარ სანახაობას და კიდევ არ მჯეროდა, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი - რას წერს ზურაბ შევარდნაძე?
ცნობილი მებაღე, გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი, ზურაბ შევარდნაძე, რომელიც ამჟამად ინდოეთში იმყოფება, სოციალური ქსელის საშუალებით ბუნებისა და ადამიანის საოცარი თანაცხოვრების ამბავს გვიამბობს:
ინდოეთში, რაჯასტანში, ჯავაიში სოფელ სენაის მოსახლეობა და ველურად მცხოვრები ლეოპარდები საუკუნეებია მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. წითელტურბანიანი მწყემსები სოფლის შემოგარენში აძოვებენ თხებს, არც ერთი ამბავი არ არსებობს რომ ლეოპარდი ადამიანს დასხმოდეს თავს, შინაურ ცხოვეკებს კი იცოცხლეთ, ხშირად გაიტაცებენ. მწყემსების წუთელ ტურბანს ადვილად ამჩნევს ლეოპარდი და ეს ნიშანია, რომ მსხვერპლი ახლოსაა. ბუნების ამ საოცრების სანახავად დღეს ჩვენც ჩავედით სენიაში. კლდის ნაპრალში დედა ლეოპარდს 4 ბოკვერი ჰყავს დატოვებული, მზის ჩასვლამდე ის აუცილებლად მოაკითხავს მათ, გვიხსნის წითელტურბანიანი მწყემსი. ცოტა არ მჯერა რომ 20 მეტრის სიახლოვიდან დავინახავ ბუნებაში თავისუფლად მცხოვრებ ლეოპარდს. გავინაბეთ , მზე ჩადის, ალისფერი გახდა ირგვლივ ყველაფერი. გაგვიმართლა, გამოჩნდა, დიდებული, ამაყი.. ბოკვერები ნაპრალიდან გამოძვრნენ და დედას გამოეგებნენ. ვუყურებდი ამ საოცარ სანახაობას რამდენიმე ადგილობრივთან და ჩვენსავით ცხრა მთას იქედან მოსულ სტუმრებთან ერთად და კიდევ არ მჯეროდა რომ საკუთარი თვალით ვხედავ მათ. აქ ამ პატარა სოფელში ადამიანი დიდი ხანია აღარ ერჩის ლეოპარდს, პირიქით მეგობრობს, დაუნანებლად გაწირავს მათთვის მოხუცებულ თხას, მათ დასანახად, ხომ ბევრი ხალხი სტუმრობს ამ პატარა სოფელს. ვუყურებ და გული იმედით, სიხარულით მევსება, ვგრძნობ რომ მთლად არ წამხდარა საქმე, სადღაც მაინც მეგობრობს ბუნება და ადამიანი - წერს ზურაბ შევარდნაძე.