თეგებით ძიება

იუკნევიჩიენეს, სიკორსკის და სააკაშვილის სხვა დანარჩენ მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს და რისი დაბრუნება სურთ - პაპუაშვილი

რასა იუკნევიჩიენეს, სიკორსკის და მიხეილ სააკაშვილის სხვა დანარჩენ მოტრფიალეებს და მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, მოისმინონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება სურთ მათ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინიციატივა შეეხება 2003 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის გამოკვლევას.

„ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა, რაც არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სახით, შეეხება 2003 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამყარების მომენტიდან საპარლამენტო გამოკვლევას იმისა, რას წარმოადგენდა დანაშაულებრივი რეჟიმი, ყველა მისი გამოვლინებით, იქნებოდა ეს მედიის მიტაცება, ბიზნესის მიტაცება, ადამიანების წამება და სხვა სისტემური დანაშაულები, რათა კიდევ ერთხელ, მათ შორის ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა, რომელიც დღემდე სააკაშვილს მოდერნიზატორად და დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებს, როგორც, მაგალითად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი რამდენიმე თვის წინ ამას აცხადებდა, დაინახონ, რას წარმოადგენდა ის რეჟიმი, რომელსაც ისინი 2003-12 წლებში ტაშს უკრავდნენ და დღემდე ეტრფიან.

ეს ყველაფერი იქნება პირდაპირ ეთერში გადაცემული. ამიტომ ყველას, ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, ბატონ სიკორსკის და მიხეილ სააკაშვილის სხვა დანარჩენ მოტრფიალეებს და მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, მოისმინონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება სურთ მათ საქართველოში. მიხვდნენ, რატომ ეუბნება ქართველი ხალხი ასე დაჟინებით უარს როგორც ამ რეჟიმს, ისე მათ უცხოელ მფარველებს. რაც შეეხება გამოძიებას უკვე სისხლის სამართლებრივ ნაწილში, ეს პროკურატურის საკითხია. ჩვენ პოლიტიკურად ვაფასებთ და ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი შეფასებები. პარლამენტი პოლიტიკურად შეაფასებს ამ საკითხს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ შიგნით მოიაზრება სისხლისსამართლებრივი დანაშაულები. ამიტომ ალბათ მნიშვნელოვანია, პროკურატურამაც შეხედოს ამას გულისყურით და იქ, სადაც შეიძლება, დადგინდეს სისხლისსამართლებრივი დანაშაული, შესაბამისი გამოძიება და კვლევა ჩაატაროს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა