აზერბაიჯანი არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორია - ირაკლი კობახიძე
ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი.
„პრეზიდენტმა აღნიშნა იმ სტრატეგიული პროექტების თაობაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ორი ქვეყნის თანამონაწილეობით და ამ პროექტებს აქვს სტრატეგიული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც ასეთი ტიპის პროექტების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ახალი პროექტების ინიცირება. ჩვენთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ არის ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ამ კუთხითაც ეკონომიკურ თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მოხარულები ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ხუთეულში იკავებს ადგილს. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე.
ჩვენს ურთიერთობასა და თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, რაც არის ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხალხების წინაშე, რომ ამ მეგობრობის საფუძველზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. ამისთვის ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, პარტნიორებს, პირადად ბატონ პრეზიდენტს, მათი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, არაჩვეულებრივი პარტნიორობისთვის. ამ სულისკვეთებით, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი მაქსიმალური თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენ ველით პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ წელს გვექნება მისი მასპინძლობის საშუალება ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე.
„რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რამდენადაც ეს ჩვენთვის იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრესკონფერენციის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოში მიიწვია.