აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ხიდი ევროპასა და აზიას შორის - ილჰამ ალიევი
ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
„პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ დაკავშირებადობასა და შუა დერეფნის პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ბუნებრივია, ამ პროექტში ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში და ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ ძლიერი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა ქვეყნებსაც“,- აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი. ეკონომიკურ ურთიერთობებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს, აზერბაიჯანმა 3,6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე თქვენს ქვეყანაში და იწვევს ინვესტორებს და შთაგონების წყარო ხდება თქვენს ქვეყანაში კაპიტალდაბანდებისთვის, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ამასთან, ალიევმა პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.
"ათი თვით ადრე თქვენ აზერბაიჯანში ბრძანდებოდით. ბოლო ათი თვის განმავლობაში მესამე ვიზიტია აზერბაიჯანში და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა და არსებითია ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.