„დრონების სამართავად გამოიყენება“ - ევროკავშირი რუსეთში სათამაშო კონსოლების გაყიდვას აკრძალავს
ევროკავშირი აპირებს, აკრძალოს რუსეთში ისეთი სათამაშო კონსოლების ექსპორტი, როგორებიცაა Xbox და PlayStation.
"ჩვენ ვიკვლევთ ყველა ფაქტორს, რომელიც რუსეთს ამ ომის წარმოებაში ეხმარება, რათა ისინი სანქციების სიაში შევიტანოთ. სათამაშო კონსოლებსაც კი, რადგან როგორც ჩანს, ამ მოწყობილობების გამოყენებით ისინი დრონებს მართავენ". - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
სათამაშო კონსოლების სამმა უდიდესმა მწარმოებელმა: ამერიკულმა კომპანია Microsoft-მა და იაპონურმა კონცერნებმა Nintendo-მ და Sony-მ რუსეთში პირდაპირი გაყიდვები 2022 წლის მარტის დამდეგს შეწყვიტეს. ევროკავშირის შეზღუდვები მიმართული იქნება იმ მოვაჭრეთა წინააღმდეგ, რომლებიც კონსოლებს აგზავნიან რუსეთში. მათ შორის იქნება ნახმარი მოწყობილობებით მოვაჭრეებიც, წერს FT.
თავად ევროკავშირი სათამაშო კონსოლებს არ აწარმოებს. უპილოტო საფრენი აპარატები კონსოლებით არ იმართება, მაგრამ მართვის სისტემებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სათამაშო კონსოლების ნაწილები - ჯოისტიკები და ვირტუალური სათვალეები, რომლებიც ძირითადად ჩინეთშია ნაწარმოები.