"ოცნებამ" ქვეყნის გადარჩენის პარალელურად, ეკონომიკა ბოლო 3 წელში 10%-ით გაზარდა - მიხეილ ყაველაშვილი
პრეზიდენტის პოსტზე "ქართული ოცნების" მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით პარლამენტს მიმართავს.
მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მშვიდობა "ოცნების" ხელისუფლების დამსახურებით შეუნარჩუნდა და სწორედ ამან განაპირობა ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციების სიუხვე.
"სახელმწიფოსა და ხალხის ერთად დგომამ, ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ, ქვეყნის გადარჩენის პარალელურად შესაძლებელი გახადა ჩვენი ეკონომიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში 10%-ით გაზრდილიყო. განხორციელებულიყო სტრატეგიული დანიშნულების პროექტები, გაზრდილიყო ბიუჯეტი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დარგის დაფინანსება.
ნიშანდობლივია, რომ ჩვენ, ეს ყველაფერი მოვახერხეთ მსოფლიოში მიმდინარე ომების, კრიზისებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ წარმატებულად გრძელდება. ამ მიმართულებით, მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ.
ამ მომენტისთვის ხორციელდება არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისკენ. საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის. რომ არა მშვიდობის უზრუნველყოფა, ჩვენ, ვერ შევძლებდით ამ ყველაფერს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მშვიდობის ფასი", - განაცხადა ყაველაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ოთხი კვარტალის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 55.2%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ბოლო 3 წელს, ეკონომიკური ზრდის ტემპი ნამდვილად დაჩქარებულია უკრაინაში ომის ფონზე. ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზრდა ერთჯერადმა და მილევადმა ფაქტორებმა მოიტანა.