იმერეთში 150-მდე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, ელექტროენერგია 30 000-მდე აბონენტს, ბუნებრივი აირი კი 237 ოჯახს არ მიეწოდება
ქუთაისში უკვე მეოთხე დღეა თოვს - სტიქია სალიკვიდაციო სამუშაოებს აფერხებს, სპეცტექნიკა გზებზე მუშაობს, იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა გზის საფარი, ნალექით მალევე იფარება. ინტენსიური თოვის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში გადაადგილება შეზღუდული არ არის. გაწმენდილია სტრატეგიულ ობიექტებამდე მისასვლელი გზები.
სტიქიას ებრძვიან იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაღალმთიან ადგილებში. დიდთოვლობამ 150-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები. კომუნალური სერვისების აღდგება ეტაპობრივად გრძელდება.
დიდთოვლობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ზვავიც ჩამოწვა - შემთხვევა 141-ე კილომეტრზე მოხდა, დაზიანდა ავტომობილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თოვლის მასის ჩამოშლის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. ამ დროისთვის რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
რთული ვითარებაა აჭარაშიც, იწმინდება გზები და სახურავები, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თოვლმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.
თოვლმა ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე ავარიული სახლის კედელი ჩამოანგრია და მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. 112-ში შესული შეტყობინებების შემდეგ, მეხანძრე-მაშველები ადგილზე მივიდნენ, ნანგრევებიდან ორი მოქალაქე გამოიყვანეს და ორივე
მათგანი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. შემთხვევის ბათუმში მეტაქსის ქუჩაზე, ორსართულიანი ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
რთულმა მეტეოროლოგიურმა ვითარებამ ბათუმში ინფრასტრუქტურაც დააზიანა, ბოლო რამდენადმე დღეა ბულვარის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უხვი ნალექის გამო შეფერხებული იყო ბათუმის აეროპორტის მუშაობაც, თუმცა ფრენები დღეიდან განახლდა.
ბოლო ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი თითქმის ყველა ოჯახს მიეწოდება. არის სოფლები, სადაც კომუნალური სერვისების აღდგენისთვის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. პრობლემები ძირითადად მაღალმთიან სოფლებშია. ხულოში და ქედაში თოვლის საფარმა ზოგან 2 მეტრს გადააჭარბა.
სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია სამეგრელოს რეგიონში, თუმცა, თოვლის გამო, ტექნიკა და ცოცხალი ძალა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ბოლო ინფორმაციით, ცენტრალური და შიდა მისასვლელიგზები უკვე გაწმენდილია. დიდთოვლობის გამო რეგიონში სასწავლო პროცესი ზოგიერთ სკოლაში კვლავ შეჩერებულია. ამ დრომდე ცალკეულ უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ზუგდიდის მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. რეგიონში იმყოფება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეც. ლევან მგალობლიშვილი, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
დიდთოვლობაა რაჭაშიც - სალიკვიდაციო სამუშაოები რთულ მონაკვეთებზე თითქმის დასრულებულია. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ელექტრომომარაგება სრულად აღდგა. ოფიციალური ინფორმაციით, გრძელდება გაწმენდითი პროცესი, მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს სოფლებში.
თოვლმა პრობლემები შექმნა შიდა ქართლშიც. თოვლის საფარი მაღალია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გაწმენდით პროცესს თოვა და ქარი ართულებს.
5 დღე გადაუღებლად თოვდა კახეთის რეგიონში, თუმცა ბოლო მონაცემებით ცენტრალური და სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია, დღეს ადგილობრივებს ელექტროენერგიის მიწოდებაც აღუდგათ. გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოხსნილია და გადაადგილება ყველა სახის ავტომობილისთვის დასაშვებია.
დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად, შექმნილია საკოორდინაციო შტაბი. შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რთულ მონაკვეთებზე, სპეცტექნიკასთან ერთად, მუშაობს ცოცხალი ძალაც.